თბილისში 69-ე და 146-ე საჯარო სკოლებში ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევები გამოვლინდა, თუმცა, ამის მიუხედავად, განათლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სკოლებში სწავლის შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
სამინისტროს ინფორმაციით, სწავლა სკოლებში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შედეგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმირებულია, რომ ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში სწავლის შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სწავლა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამის მიუხედავად, ყველა რისკის აღმოსაფხვრელად ჩატარდა დეზინფექცია. შესაბამისი კონსულტაციები მიიღეს მოსწავლეთა მშობლებმაც", -განაცხადეს განათლების სამინისტროში.
სკოლებში ფილტვის ტუბერკულოზის გამოვლენილი შემთხვევები კვლევის ეტაპზეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, გარდა გამოვლენილი შემთხვევებისა, რომლებიც იანვარსა და თებერვლის თვის დასაწყისში გამოვლინდა, ახალი შემთხვევები აღარ გამოვლენილა.
"თბილისის 69-ე საჯარო სკოლაში გამოვლენილი ორი შემთხვევიდან ორივეს სხვადასხვა ინფექციის წყარო აქვს და ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები არ არის. ამ ორივე შემთხვევის კონტაქტები გამოკვლეულები არიან და დამატებითი შემთხვევები არ გამოვლენილა.
რაც შეეხება მეორე სკოლას, სადაც 3 შემთხვევა გამოვლინდა კვლევის ქვეშაა. მათ შორის ერთ-ერთი შემთხვევაში პირი უკვე გამოჯანმრთელებულია, ხოლო გამოვლენილი 2 შემთხვევიდან ორივე მათგანი მკურნალობის ქვეშ არის. პირები ვისთანაც დაავადებულებს კონტაქტი ჰქონდათ, გაიარეს მეთვალყურეობა და ყველა გამოკლვლეულია. საგანგაშო არაფერია", _ აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი.