დავით კირკიტაძე მისთვის ბრალის წაყენებას სოციალური ქსელით ეხმაურება:
"რუსი ოლიგაქრის დავალებით, პოლიტიკურ იარაღად გადაქცეულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ბრალი წამიყენეს სახელმწიფოს მიერ ინვესტორთან აღებული ვალდებულების შესრულებისა და ბიზნესის დახმარებისათვის.
იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებამ იზრუნოს ხალხის დასაქმებაზე, დაეხმაროს ბიზნესს და გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება,ისინი კვლავ აგრძელებენ პოლიტიკურ რეპრესიებს, რითაც ქვეყანას წარსულში აბრუნებენ.
მიუხედავად იმისა რომ მე ყოველთვის მზად ვიყავი გამეცა პასუხი ყველა კითხვაზე, საგამოძიებო სტრუქტურებს ჩემთვის 2015 წლის 10 თებერვლამდე არ მოუმართავთ. ანუ იქამდე, ვიდრე რუსმა ოლიგარქმა, რომელსაც ოფიციალურად არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებასთან, ღიად არ მისცა დავალება პროკურატურას თებერვლიდან ე.წ. სამართლიანობის აღდგენის გაგრძელების, ე.ი. რეპრესიების ახალი ტალღის შესახებ.
2015 წლის 4 იანვარს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით დროებით დავტოვე ქვეყანა და გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად.
სწავლის კურსს ვამთავრებ 2015 წლის 10 ივლისს და მზად ვარ ამის შემდეგ ჩამოვიდე საქართველოში და გავცე პასუხი ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, რომელიც გაზპრომის აქციონერის მითითებით შეთითხნეს.
ვურჩევ ხელისუფლებას, პოლიტიკური დევნის ნაცვლად, მიხედოს გაჩერებულ ეკონომიკას, გაუფასურებულ ლარს, შეჩერებულ მშენებლობებსა და გაზრდილ კრიმინალს, რომელმაც უკვე მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა."