ამერიკულმა კორპორაცია „ჯენერალ მოტორსმა“ გადაწყვეტილება მიიღო, შეწყვიტოს სუპერკლასის ავტომობილის, „ჰამერის“ გაყიდვა. კომპანია მისი წარმოების ამ ნაწილის ჩინელებისთვის მიყიდვას აპირებდა, მაგრამ პეკინმა, საბოლოო ჯამში, ამ გარიგებაზე უარი თქვა.
გადაწყვეტილება „ჰამერების“ გამოშვების შეწყვეტის თაობაზე ჯერ კიდევ შარშან მიიღეს, მაშინ, როცა „ჯენერალ მოტორსმა“ გაკოტრების პროცესის ფარგლებში მკვეთრად შეამცირა დამზადებული მოდელების რაოდენობა.
კომპანიის წარმომადგენლებმა სინანული გამოთქვეს ჩინელებთან ჩაშლილი გარიგების გამო. ამერიკულმა კორპორაციამ „ჰამერის“ ბრენდი 1999 წელს შეიძინა, მაგრამ უკანასკნელ წლებში ამ მოდელის პოპულარობა მკვეთრად შემცირდა მისი არაეკონომიურობისა და სამხედრო ტექნიკასთან ასოცირებულობის გამო.
„ჰამერი“ დაახლოებით 5 ტონას იწონის და 24 კილომეტრზე 4 ლიტრამდე ბენზინს ხარჯავს. პროვინცია სიჩუანში განლაგებული კომპანია „თენგზონგი“ „ჰამერის“ ბრენდის აქციათა 80 პროცენტის ყიდვას აპირებდა, დანარჩენი 20 პროცენტი კი ჰონკონგელ ბიზნესმენს შეუძენია.
ჩინელები ავტომობილის მოდელის მოდერნიზაციასა და მისი დიზელის ძრავაზე გადაყვანაზე ფიქრობდნენ.
„ჰამერის“ მოდელი წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როცა სპორტული კატეგორიის ავტომობილებით ბევრი იყო გატაცებული. ეს მოდელი თავის დროზე სამხედრო ავტომობილის საფუძველზე შეიქმნა.