"ბიძინას ახლა გამოჩენა, ეგ "კოსვენნა" ადასტურებს, რომ რაღაცა ხდება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ერთი წლით ადრე რატომ გამოხტა ბიძინა? რა აზრი ჰქონდა ერთი წლის განმავლობაში რომ აგინონ და ტალახში ჩადონ, ამოსვარონ და ისა?" – აღნიშნული ტექსტი ამონარიდია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისა და უშიშროების ყოფილ მინისტრ ვალერი ხაბურძანიას საუბრის აუდიო ჩანაწერიდან.
ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ, მოსკოვშია ჩაწერილი, ოქრუაშვილი ასევე ამბობს:
(სტილი დაცულია, – რედ.) _ "მოდი ასე ვთქვათ, რა. ეგ კაცი "დურაკი" არ არის, მე რაც გავაკეთე 2007-ში … მთელი წლის განმავლობაში მოლოდინი ვაღვივე, ოქრუაშვილი ოპოზიციაში გადადის, გადადის, მთელი წელი ხალხი ამაზე ლაპარაკობდა. ბოლოს პენალტი დავურტყი. ბიძინა ახლა, ეს არ არის შალვას მოლოდინის გაღვივება, რა. ბიძინას შეეძლო, მინიმუმ 6 თვე მოლოდინი ახლავე დაედო, რომ ბიძინა პოლიტიკაში აპირებს, "კოსვენნა" დაედასტურებინა და გაზაფხულზე ეხეთქა მაგრად," _ ამბობს ოქრუაშვილი ხაბურძანიასთან საუბრისას.
ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ არსეობობს ვინმე ალიოშა პეტროვი, რომელიც მოსკოვში საქართველოს საკითხებს კურირებს. მათ შორის, გადაწყვეტილებებს ქართულ მედიასთან დაკავშირებითაც იღებს.
აუდიო მასალა, რომელიც სავარაუდოდ, მოსკოვში, 2011 წლის შემოდგომის პერიოდით თარიღდება, მას შემდეგ არის ჩაწერილი, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა. მასალებიდან, რომელიც გაზეთმა "ქრონიკა +" გაავრცელა, ჩანს, რომ ჩანაწერში ძირითადად 2 პირი ფიგურირებს – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც აღნიშნულ დრო იძებნებოდა და შესაბამისად, საქართველოში ვერ ჩამოდიოდა და უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია. ჩანაწერში ჩანს, რომ ისინი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გზებს განიხილავენ.
აუდიო მასალა მოსახლეობის ფართო ნაწილისთვის ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემამ "არჩევანი" გახადა.
ჩანაწერების აუთენტურობა დადასტურებული არაა. თუმცა, ვალერი ხაბურძანიამ მოსკოვიდან გადაცემაში ჩართვისას ფაქტობრივად, ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა.