24 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში – ტობას ნავრაჩიჩმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა – “Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდა. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართა. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი გახდა.
“Creative Europe” („შემოქმედებითი ევროპა“) წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.
პროგრამაში – „შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. “Creative Europe”-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) მოხმარდება კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას. დაფინანსების მეშვეობით, საქართველოში არსებულ კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ – იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
პროგრამა „Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრად გახდომა, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.