სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ოზურგეთის რაიონში, დაბა ანასეულში ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი დაათვალიერა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების გეგმები ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად განიხილა.
სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან მოისწრაფეშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან უჯმაჯურიძე ანასეულის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ბაზის სამუშაო სპეციფიკას გაეცნენ და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.
ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრს 50 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ლაბორატორიაში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა აგროქიმიური გამოკვლევები და მათ საფუძველზე ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და სასუქების რაციონალურად გამოყენების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. მას შემდეგ, რაც ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გადაეცა, შემუშავდა განახლებული სამუშაო გეგმები, რომელთა განხორციელების შედეგად, აღნიშნული ცენტრი დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გახდება.
ნიადაგის კვლევების ჩატარების გარდა, ბაზაზე განხორციელდება სურსათის დიაგნოსტიკა, მოეწყობა საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები ჩაისა და სუბტროპიკული, ასევე, სხვა მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურებისთვის. უახლოეს მომავალში დაიწყება ანასეულის ლაბორატორიის რეკონსტრუქცია და მისი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა; დაგეგმილია ჩაის სანერგე მეურნეობის მოწყობა, სელექციური ჯიშებისა და კლონების შეგროვება, მცენარეთა გენეტიკური ბანკის შექმნა.