ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის მამა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.
ალექსანდრე კირკიტაძის ადვოკატის – გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, საქმე ეხება სენაკსა და ზუგდიდში კონკრეტული სპორტული კომპლექსების მშენებლობისთვის დახარჯულ თანხებს. მისივე თქმით, საქმე 2012 წელს აღიძრა და ახლა რა მიზეზით განახლდა ძიება, უცნობია.
დავით კირკიტაძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ის სასწავლებლად საზღვარგარეთ არის წასული და როგორც თავად ამბობს, მხოლოდ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას.
„დღეს გამოვცხადდით, გვიბარებენ ზუგდიდი-სენაკის სპორტდარბაზების შესახებ, რომლის საქმეც დაიწყო 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ და დღემდე არ დავუკითხივართ. მხოლოდ დღეს, ალბათ დათოს გამო. თავიდან საქმეში იყო ზუგდიდი-სენაკი და დაამატეს თუ არა ახალქალაქი-ნინოწმინდა არ ვიცი,” – განაცხადა ყოფილი გუბერნატორის მამამ ალექსანდრე კირკიტაძემ.
კირკიტაძის საქმეზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და მას გირაო შეუფარდა.