(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის “გურია” საუმაღლესლიგო პლეიოფში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. წესით, ეს საქმე აქამდეც გარკვეული უნდა ჰქონოდათ. თუმცა, მანამდე წარმატებით მოასპარეზე გურულებმა ზედიზედ 2 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხეს, ისიც საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ ვანის “სულორთან”, რომელთანაც შეხვედრას აგებდნენ კიდეც. მანამდე, “გურიამ” გასვლითი შეხვედრა “ზოოვეტთან” წააგო და ერთგვარად გაირთულა მდგომარეობა.
არადა, ამ ორ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში, ლანჩხუთელები პლეიოფში თამაშის უფლებას 4 ტურით ადრე ინაღდებდნენ! ახლა მათ 6 ქულის მოპოვება სჭირდებათ, მდევრებზე დამოკიდებულები რომ არ დარჩნენ.
ორმატჩიან წარუმატებლობას, კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან, რეაქცია მოჰყვა _ გუშინ, კლუბი 5 ფეხბურთელს დაატოვებინეს. “გურიამ” ხელშეკრულება გაუწყვიტა ძირითადი შემადგენლობის მობურთალებს: იაგო დეისაძეს, ვანო კილაძეს, აკაკი დვალიშვილს, ზურაბ რაზმაძესა და დავით კეკელიძეს. “ბოლო შეხვედრებში კლუბის წარუმატებელი გამოსვლის გამო, “გურიას” დირექტორატმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქცენტი გააკეთოს ახალგაზრდებზე და ვაპირებთ, უფრო აქტიურად ვათამაშოთ ადგილობრივი ფეხბურთელები,” _ ასე ხსნის კლუბის ადმინისტრაცია მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებას. მათივე თქმით, კლუბის მიზანი არ შეცვლილა და საუმაღლესლიგო პლეიოფში მოსახვედრად ყველაფერს გააკეთებენ.
საგულისხმოა, რომ ზემოჩამოთვლილ მობურთალთაგან, დვალიშვილი დაცვის ხაზის, კილაძე _ ნახევარდაცვის, ხოლო დეისაძე _ შეტევის ხაზის ლიდერები იყვნენ. ეს უკანასკნელი, ამ დროისთვის კლუბისა და საერთოდ, პირველი ლიგის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია!