(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა მოუწყვეს ლანჩხუთელ კარატისტებს, რომელბმაც რამდენიმე დღის წინ, თურქეთში გამართულ ევროპის ჩემოპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიეს და ჩემპიონობა მოიპოვეს. სახელოვან სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ, მისმა მოადგილემ ზვიად აფხაზავამ, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ჯანაშიამ, გამგეობის სპორტის სამსახურის უფროსმა ირმა მგელაძემ, სპორტის ცენტრის უფროსმა მინდია დვალიშვილმა და სხვებმა: _ ლანჩხუთში პრიორიტეტი ყოველთვის ფეხბურთი იყო, თუმცა, ბოლო პერიოდში, წარმატებებით გაგვანებივრეს კარატისტებმა და მათ აუცილებლად უფრო აქტიურად დავეხმარებით და გვერდი დავუდგებით, _ განაცხადეს მაღალჩინოსნებმა.
გურული ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა, მერაბ თურქიამ აღნიშნა, რომ წელს ლანჩხუთელმა კარატისტებმა 60-ზე მეტი პირველი ადგილი დაიკავეს: _ მეორე და მესამე ადგილებს აღარ ვითვლით. მინდა ბიჭებს დიდი მადლობა გადავუხადო, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან, _ აღნიშნა მან.
აღნიშნულ შეხვედრაზე უნდა ჩამოსულიყო საქართველოს კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, ქუთაისიდან უკან მოუხდა დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ სტამბულში გამართულ ევროპის ჩემპიონატში მსოფლიოს 17 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საქართველოს 60 სპორტსმენიდან, 6 ლანჩხუთელი გახლდათ და ყველა მათგანი ევროპის ჩემპიონი გახდა: 9 წლის გიორგი ჩხაიძე, 10 წლის გუგა ივანაშვილი (იგი ერთდროულად სამი ოქროს მედლის მფლობელი გახდა!), 11 წლის საბა გოგოძე, 12 წლის გიორგი კეჭეხმაძე, 13 წლის დათო წილოსანი და თორნიკე ცინცაძე.
ყველა მათგანს და მერაბ თურქიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფასიანი საჩუქრები გადასცეს.