(ინტერპრესნიუსი) _ ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლები და თანამშრომლები ტელევიზიის შენობაში შესვლას და მუშაობის დაწყებას ვერ ახერხებენ . როგორც”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ნუცუბიძის ქუჩაზე “მაესტროს” დამფუძნებლები, წამყვანები, პროდიუსერები, ჟურნალისტები და ოპერატორები იმყოფებიან. ისინი შენობაში ვერ შედიან, რადგან იქ ეროსი კიწმარიშვილი უცნობ პირთან ერთად იმყოფება და თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა განუცხადა, ეროსი კიწმარიშვილი ტელევიზიასთან უცნობ პირთან ერთად 07:15 საათზე მივიდა, ისინი ღობეზე გადაძვრნენ და მას შემდეგ სამსახურში მისულ თანამშრომლებს ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს. აღნიშნული ფაქტის გამო ტელეკომპანიის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
სამართალდამაცვები ვითარების გასარკვევად “მაესტროს” ოფისში არიან შესული. “მაესტროს” თანამშრომლებთან ერთად იმყოფება “ქართული პარტიის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი.
ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერი ამ დროისთვის კვალვ გათიშულია.