ფონდი მოუწოდებს აქციის "შემოულაწუნე" ორგანიზატორებს, გაემიჯნონ ამ ფაქტს და დაგმონ ძალადობა. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მედიის განვითარების ფონდი გმობს "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ირაკლი გედენიძის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის აქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მომხდარზე. ასევე მოუწოდებს აქციის "შემოულაწუნე" ორგანიზატორებს გაემიჯნონ ამ ფაქტს და დაგმონ ძალადობა.
სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აქციის "შემოულაწუნე" მონაწილემ სააგენტოს ფოტოკორესპონდენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა დაუმტვრია. ირაკლი გედენიძეს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილემ თავში ურტყა, რის შედეგადაც მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული. სააგენტოს ინფორმაციით, ირაკლი გედენიძე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ გედენიძე პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: "რეფორმატორები", "თავისუფალი საქართველო" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".
ჟურნალისტისთვის აქციის გაშუქებაში ხელის შეშლა, მით უმეტეს ძალადობა მიუღებელია. მოვუწოდებთ პარტიებს და მათ აქტივისტებს, მედიის წარმომოადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მისცენ; სამართალდამცავებმა კი უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და კანონის ფარგლებში აღკვეთონ მსგავსი ქმედებები", – ნათქვამია განცხადებაში.