საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, კურსანტების გარდაცვალებისგან გამოწვეული დანაკლისი საქართველოსთვის აუნაზღაურებელია. როგორც ალასანიას განცხადებაშია ნათქვამი, ის გარდაცვლილებს პირადად იცნობდა.
"მინდა მივუსამძიმრო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპული ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს. ეს კურსანტი ბიჭები მართლაც ვაჟკაცი ჯარისკაცები იყვნენ. ისინი სამხედრო აკადემიაში სასწავლო კურსს გადიოდნენ და ქვეყანას იმ უმაღლესი სამხედრო განათლებით დაუბრუნდებოდნენ, რაც ასე სჭირდება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. მათი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. მე მათ პირადად ვიცნობდი. კიდევ ერთხელ, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ჩვენი დაღუპული ბიჭების ოჯახებს", – ნათქვამია ალასანიას განცხადებაში.