ოზურგეთში “ქალთა მოძრაობის“ ორგანიზატორობით ქალთა უფლებების დასაცავად მსვლელობა მოეწყო. მსვლელობაში ექვსმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ოზურგეთის რკინიგზის სადგურიდან დაწყებული მსვლელობა თეატრალურ მოედანზე დასრულდა, სადაც აქციას ათობით ადამიანი შეუერთდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ ქეთევან ხიდაშელმა ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ 8 მარტი პირველ რიგში არის ქალთა უფლებების დაცვის დღე.
_ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს დღე არ არის მხოლოდ საჩუქრების და ყვავილების მირთმევის დღე. ეს არის ქალთა უფლებების დაცვის დღე. ჩვენ თუ დღეს რამეს წარმოვადგენთ და რაიმეს მივაღწიეთ, სწორედ ეს არის იმ ქალების დამსახურება, რომლებიც საუკუნეების წინ ქალთა უფლებებისთვის იბრძოლა, ვინც წინ აღუდგა ქალთა ჩაგვრას, ვინც მოითხოვა, რომ ქალს ჰქონოდა განათლების და არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება. დღევანდელ დღეს, ვითხოვთ, რომ მეტი ქალი პარლამენტში. მოსახლეობის 51 %-ი შევადგენთ, აქედან მხოლოდ პარლამენტში 12%-ია პარლამენტარი ქალი. _ გვითხრა ქეთევან ხიდაშელმა.
_ მე პირადად თანახმა ვარ, რომ მეტი ქალი იყოს პარლამენტში. მინდა ისიც ვთქვა, პარლამენტში სპორტსმენების და მსახიობების ადგილი არ არის, – განუცხადა აქციის მონაწილეებს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ.