საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის – ბესარიონ გორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც დღეს ესოდენ სჭირდება სამშობლოს მსახურებისთვის თავდადებული, განათლებული ახალგაზრდები. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს", – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-ჯერსიში ავარია, რომელსაც ქართველი კურსანტები ემსხვერპლნენ, გუშინ გამთენიისას მოხდა. ავტოავარიის შედეგად ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ. ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა. იგი ამჟამად ჰოსპიტალშია მოთავსებული.