საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადება, რომლის თანახმადაც "პოლიტსაბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფონზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეთანხმდა და უმრავლესობის იმ წარმომადგენლების მიმართ, ვინც გვენეტაძეს მხარს არ დაუჭერს, სანქციები იქნება გამოყენებული" უპასუხისმგებლო და არაადეკვატური იყო:
_ მე მხარს ვუჭერდი და ვუჭერ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას და ამ მხრივ ვერანირი "სანქცია" მე ვერ დამემუქრება, მაგრამ მიმაჩნია, რომ საჯაროდ არაკონსტიტუციური განცხადებების გაკეთება, რაც აკნინებს საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატს და ზიანს აყენებს, თუნდაც საკუთარი პარტიის წევრთა რეპუტაციას არის პოლიტიკურად მცდარი და მიუღებელი. თავისი ფუნქციიდან გამომდინარე ბატონი არმაზი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ ნამდვილად გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეს განცხადება არ იყო ადეკვატური რეალური სურათის მიმართ. ამ განცხადების გაკეთება იყო უდროო და უადგილო."ეს იყო არაადეკვატური განცხადება. არმაზ ახვლედიანი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა _ განაცხადა კვაჭატირაძემ.
ახვლედიანის განცხადება დიმიტრი ხუნდაძემ და ზაქარია ქუცნაშვილმაც გააკრიტიკეს. ხუნდაძე ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ახვლედიანი კი თანაპარტიელ პარლამენტარებს ურჩევს, ყურადღებით მოისმინონ მისი გამოსვლა, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასულ შაბათს გავიდა და კომენტარები ამის შემდეგ გააკეთონ. ამის შესახებ ახვლედიანმა სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ უხერხულია ასეთი ხმაური მაშინ, როცა ის თავად მტკიცედ უჭერს მხარს განსხვავებული აზრის პატივისცემას, რაც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და ვერასოდეს შეეგუება ამის გამო ვინმეს დასჯას.
_ დემოკრატია განსხვავებულის პატივისცემის კულტურაა, ამასთან, დემოკრატიული მმართველობა მხოლოდ სამართლიანი წესრიგისა და დისციპლინის პირობებშია შესაძლებელი", _ აცხადებს ახვლედიანი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.