ძაღლებისა და მგლების გენების ანალიზის ფართომასშტაბიანმა პროექტმა სწავლულებს საშუალება მისცა, დაეზუსტებინათ ადგილი, სადაც პირველად გამოჩნდნენ შინაური ძაღლები. ადრე ჩატარებული გამოკვლევების საწინააღმდეგოდ, ეს აღმოჩნდა არა ევროპა ან აღმოსავლეთ აზია, არამედ ახლო აღმოსავლეთის მაშინდელი ნაყოფიერი რეგიონი.
გერმანიის, პოლონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რიგი სხვა ქვეყნების სწავლულთა ჯგუფმა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის სწავლულის რობერტ უეინის ხელმძღვანელობით, გააანალიზა ძაღლებისა და მისი წინაპრების – მგლების 48 ათასზე მეტი გენეტიკური მარკერი. გენეტიკური მონაცემები მთელ მსოფლიოს 85 ენდემური ჯიშის 900 ძაღლისგან და 200 მგლისგან აიღეს, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აღმოსავლეთ აზიის სხვადასხვა რეგიონებიდან.
„ძაღლებს, როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვნად უფრო მეტი გენეტიკური მსგავსება აქვთ ახლო აღმოსავლეთის მგლებთან, ვიდრე მთელი მსოფლიოს სხვა პოპულაციის მგლებთან. გენეტიკური ანალიზი მიანიშნებს თანამედროვე ძაღლების ახლო აღმოსავლურ წარმოშობაზე“, – განაცხადა უეინმა.
სწავლულებისთვის ეს „მოულოდნელი შედეგია“, ვინაიდან წინანდელი გენეტიკური კვლევები მიუთითებდნენ ძაღლების წარმოშობაზე აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ, ჩინეთში.
ახალი კვლევები ეფუძნება გენომის უფრო სრულ ანალიზს და მისი შედეგები უფრო მნიშვნელოვნად შეესაბამება არქეოლოგიურ მონაცემებს.
პირველი ძაღლები, არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, ახლო აღმოსავლეთში 12-13 ათასი წლის წინათ გამოჩნდნენ. „ჩვენ ვიცით, რომ ძაღლები ახლო აღმოსავლეთში ძალიან მჭიდრო კავშირში იყვნენ ადამიანებთან, რადგან მათ ნაშთებს ხშირად პოულობენ ადამიანთა სამარხებში“.