დღეს, 15.00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი" საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს, ქალაქების მერებს და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდება.
არსებული ინფორმაციით მთავარი თემა რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები იქნება.
შეგახსენებთ, რომ 5 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები მკაცრად გააკრიტიკა:
"ეს იქნება გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. ეს გეხებათ თქვენ, მინისტრებსაც, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ თქვენს სამინისტროებში მიმდინარე სამუშაოები და მათი განრიგი. ზოგადად, რაც მე მესმის, ეს არის ის, რომ გამგებლებსა და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალისა და ხალხის მიმართ. ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, აუცილებლად მოხდება მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მე მინდა ყველამ გაითვალისწინოთ ეს," _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამავე სხდომაზე სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეალურად თანხების ხარჯვა არ არის დაწყებული, თუმცა, 82 მილიონზე მეტი უკვე გადარიცხულია.
უნდა ითქვას ისიც, რომ პრემიერის საყვედური გამგებლებისა და მერების უმრავლესობამ საკუთარ თავზე არ მიიღო. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა დარწმუნებულია, რომ პრემიერს "მისნაირი გამგებლები" არ უგულისხმია.
საკუთარი მუშაობით კმაყოფილები არიან ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების პირველი პირებიც.
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მერებთან და გამგებლებთან ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პირველ სამუშაო შეხვედრას მართავს.