2015 წლის 10 მარტს, თელავში მომხდარი ა.ბოჭორიშვილის მკვლელობის ფაქტზე კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ დაკავებულია შსს ახმეტის რაიონული პოლიციის პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილი.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 10 მარტს, ანდრო ბოჭორიშვილი და მისი ძმა ირაკლი ბოჭორიშვილი ქ. თელავში, თამარის ქუჩა N30-ში მდებარე მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის წინ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათთან შსს ახმეტის რაიონული პოლიციის პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილი მეგობართან ერთად მივიდა.
საუბრისას გ.იორამიშვილს ძმებ ბოჭორიშვილებთან მოუვიდა შელაპარაკება, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გიორგი იორამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა სამი გასროლა, რის შედეგადაც ანდრო ბოჭორიშვილი მიყენებული ჭრილობებიდან ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ირაკლი ბოჭორიშვილი დაიჭრა მენჯის არეში. ასევ დაიჭრა იქვე ახლოს მყოფი თამაზ შინგაზრდილაშვილი. მომხდარი ფაქტის შემდეგ გიორგი იორამიშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მოგვიანებით გიორგი იორამიშვილი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდა, რის შემდეგაც მოხდა მისი ბრალდებულის სახით დაკავება. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და მკვლელობის იარაღი გამოძიებას წარმოუდგინა.
ამჟამად საქმეზე გ.იორამიშვილის მიმართ გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით.