თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა რატი იონათამიშვილმა დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს შშმ ბავშვთა საკურორტო მომსახურების პროგრამა გააცნეს.
„თბილისის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბენეფიციართა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება. ამ მიზნით, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მუდმივი დიალოგის პროცესს უზრუნველყოფს“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის თქმით, შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის 2015 წლის ბიუჯეტი 530 000 ლარია. პროგრამის მიზანია 3-დან 22 წლის ჩათვლით ასაკის ბენეფიციართა ჯანმრთელობისა და ემოციური ფონის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
საკურორტო მომსახურების პროგრამა 1 ივნისს ამოქმედდება და 20 სექტემბრამდე გასტანს. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთისა და ზღვის კურორტების საგზურს 1 550 შშმ პირი მიიღებს.
სერვისის მომწოდებელი დაწესებულებების შესარჩევად მომავალ კვირას ტენდერი გამოცხადდება.