ინტერნეტში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ, თითქოს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გარდაიცვალა _ ამის მიზეზი გახდა ის, რომ პუტინი უკვე ერთი კვირაა, არ გამოჩენილა არც საზოგადოებაში და არც ტელევიზიით.
დღეს პუტინი უნდა ჩასულიყო ყაზახეთში და შეხვედროდა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს და ბელორუსის ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს. თუმცა, ეს შეხვედრა მოულოდნელად გადაიდო, რამაც გაამძაფრა ჭორები პუტინის სიკვდილის შესახებ.
რუსეთის ხელისუფლების მცდელობა, გააქარწყლოს ეს ხმები, არც თუ დამაჯერებელია_ რუსეთის საელჩომ ასტანაში განმარტა, რომ პუტინი ავადაა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაური ჯანმრთელობას არ უჩივის.
იმის დასადასტურებლად, რომ პუტინი ცოცხალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა პუტინისა და კარელიის გუბერნატორის შეხვედრის ფოტო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს შეხვედრა წინა კვირის ხუთშაბათს შედგა.
გარდა ამისა, სამშაბათს, კრემლი იუწყებოდა, რომ პრეზიდენტი იამალო-ნენეციის ოლქის გუბერნატორს ხვდებოდა, თუმცა, ჟურნალისტებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი სტუმარი სამშაბათს მოსკოვში არ ჩამოსულა.
ბოლოს პუტინი ტელევიზორების ეკრანებზე 8 მარტს გამოჩნდა, როცა მან რუს ქალებს სარვამარტო დღესასწაული მიულოცა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს იყო რამდენიმე ხნის წინ გაკეთებული ვიდეოჩანაწერი.
ასე რომ, „ცოცხალი პუტინი“ უკვე ერთი კვირაა, არავის უნახავს, როცა ის იტალიის პრემიერმინიტრს მატეო რენცის შეხვდა.
ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ პუტინისთვის დამახასიათებელია პუბლიკისგან დამალვა, როცა ქვეყანაში კრიტიკული მომენტია _ ის ეკრანებიდან გაქრა 2000 წელსაც, როცა ჩაიძირა წყალქვეშა გემი „კურსკი“; 2002 წელს, როცა ტერორისტები მოსკოვში, დუბროვკის თეატრში შეიჭრნენ.