ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "რადარამის" ორგანიზატორობით ტიმოთი სნაიდერის წიგნის: "სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის" თარგმანის პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას ათობით ადამიანი დაესწრო.
"რადარამის" წარმომადგენელმა მარიამ ადუაშვილმა და ისტორიკოსმა ნანა გაგუამ, ვრცლად ისაუბრეს წიგნის შესახებ.
"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დაწერილა ფაშიზმზე, ბევრი რამ, შეიძლება ისეთი წაიკითხოთ ამ წიგნში, რაც არის მოულოდნელი და შემზარავი თავისი შინაარსიით. პირველ ყოვლისა გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა გავეცნოთ თანამედროვე ამერიკელი ისტორიკოსის ნაამბობს", _ თქვა შეხვედრაზე ნანა გაგუამ.
ტიმოთი სნაიდერი ამერიკელი ისტორიკოსი და იელის უნივერსიტეტის პროფესორია. ის იმ ოცწლიან პერიოდს იკვლევს, როდესაც ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის სისტემას თოთხმეტი მილიონი ადამიანი შეეწირა. ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციებისას, ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ.
თავის შთამბეჭდავ ნაშრომში ტიმოთი სნაიდერი მეოცე საუკუნის ამ სისხლიან სტატისტიკას წარმოგვიდგენს და საშუალებას გვაძლევს ისტორიული ცნობების მიღმა ცალკეული ადამიანები დავინახოთ. წიგნი ძალიან ჰუმანური და ამავდროულად სულისშემძვრელი საკითხავია, რომელიც ღრმა გააზრებას საჭიროებს, რათა სისხლიანი მიწები აღარასოდეს განმეორდეს.
"რადარამი" ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა.