მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა _ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის მთავრობის მიერ მომზადებული გეგმა გააცნეს, რომელიც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებს მოიცავს.
პარლამენტის წევრმა, ზურაბ აბაშიძემ „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის განსახილველად არასაკმარისად მიაჩნია ასეთი ფორმატი და კოლეგებს მოუწოდა, საკითხზე მსჯელობა რიგგარეშე სხდომის ფორმატში 13 მარტს ქუთაისში გაიმართოს.
ამის შემდეგ "თავისუფალმა დემოკრატებმა" პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა, დოლართან მიმართებაში ლარის კურსზე და საგარეო შოკების ფაქტორზე ისაუბრა. მინისტრმა დამსწრეებს შედარებისთვის სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობაც გააცნო. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობას შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის სამნაწილიანი გეგმა აქვს, რომელიც მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებს მოიცავს.
მოკლევადიან ღონისძიებათა გეგმა, მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში პრივატიზაციის დაჩქარებას და მთელი რიგი საპრივატიზაციო ობიექტების უფრო დაჩქარებულ რეჟიმში რეალიზაციას მოიცავს.
გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 20-მდე მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტი ჩამოთვალა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მოკლევადიან პერიოდში დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ფარგლებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, რაც მნიშვნელოვანი სავალუტო შემოდინება იქნება და პოზიტიურად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაზე. მინისტრმა ასევე ტურიზმის პერსპექტივაზე გააკეთა აქცენტი.
_ შემდეგი ნაბიჯი ტურიზმის მნიშვნელოვანი წახალისებაა გაძლიერებული სარეკლამო კამპანიით, რასაც უკვე ვახორციელებთ. ასევე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, რაც საინვესტიციო და ბიზნესფორუმების რეჟიმში ინვესტორებთან პირდაპირ და ორმხრივ რეჟიმში გაძლიერებულ მუშაობას გულისხმობს. ეს არის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რომელსაც ყოველთვის აქვს დადებითი ეფექტი ბიზნესგარემოზე, ბიზნესისთვის მეტი ჟანგბადის დატოვების კუთხით, იგეგმება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც აუცილებლად გულისხმობს დამატებითი უცხოური სესხების აღებას სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან და ამ კუთხით დამატებითი საინვესტიციო პორტფელის დაფინანსებას. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მასტიმულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები" _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინვესტორების ნაწილი, შესაძლოა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა კომიტეტების წინაშე გამოსვლისას ის სფეროები მიმოიხილა, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს მმართველობის არეალში შედის და თითოეული ამ სფეროს დაფინანსების და კაპიტალური საინვესტიციო ბიუჯეტის შესრულების დინამიკაზე ისაუბრა. მან ასევე ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე და სხვადასხვა საგარეო და რეგიონული პროცესების გავლენაზე გაამახვილა ყურადღება.
"საგარეო ფაქტორებმა გაძლიერებულ დოლართან ერთად გამოიწვია გაცვლითი კურსის ცვალებადობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ლარი გამყარდა მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში. დოლართან ლარის გაუფასურების ფონზე უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის დაბალი მაჩვენებლებია. ფასების საერთო დონე იანვარში დეკემბერთან შედარებით მხოლოდ 0,35 პროცენტით გაიზარდა, ხოლო თებერვალში დაახლოებით 0,11 პროცენტით“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრმა საგარეო ვალთან მიმართებაში დევალვაციის გავლენაზეც ისაუბრა.
"იმის გამო, რომ ვალის დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში გვაქვს, კურსის ცვლილება იწვევს მის ზრდას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ამჟამად ლარში გაზრდილია ვალი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვალი შემცირებულია დოლარში, რადგან ვალის ნაწილი აღებული გვაქვს ევროში და სხვა ვალუტებში, რომელთა მიმართაც ლარის პოზიცია არ შეცვლილა, ხოლო დოლარი გამყარებულია“.
მისივე განცხადებით, მიმდინარე წლის 18 მარტს საქართველოში მსოფლიო ბანკის მისია ჩამოდის, რათა საბოლოოდ დაიხვეწოს ვალის მართვის სტრატეგია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ძირითადად ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით ბოლო კვირებში გამოთქმულ მოსაზრებებსა და კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არა მარტო არასწორია, არამედ კონტრპროდუქტიულიც.
"წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო შემცირება სავალუტო შემოდინებებმა, რაც გამოსახულია ექსპორტის, გზავნილების და რიგ შემთხვევაში, ტურიზმის კლებაში. ამან გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება და მივიღეთ ის შედეგი, რისი მოწმეებიც გავხდით. ამ დროს არის თუ არა გამოსავალი სავალუტო რეზერვების ხარჯვა? მოგეხსენებათ, რომ სავალუტო რეზერვი არის ის თანხა, რომელიც ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტია. სავალუტო რეზერვების აკუმულირება და სწორი მართვა არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. ამ დროს სავალუტო რეზერვის ხარჯვა არის ყოვლად არასწორი, მიუღებელი ქმედება, ვინაიდან ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არა მარტო არასწორია, არამედ კონტრპოდუქტიულიცაა", – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მან ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაგალითები მოიყვანა, სადაც სავალუტო რეზერვების ხარჯვა განხორციელდა, რამაც მისი სიტყვებით, სიტუაცია სასიკეთოდ ვერ შეცვალა და ადგილობრივი ვალუტების გაუფასურება ვერ შეაჩერა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზება საპრივატიზაციო გეგმის განხორციელებით იგეგმება. შეკითხვებზე პასუხის გაცემისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სავიზო რეჟიმის გამკაცრებით გამოწვეულ პრობლემებზეც ისაუბრა.
"ვაპირებთ ადმინისტრაციული პრობლემების გამოსწორებას, ვინაიდან, პირველ რიგში, ადმინისტრაციული სისტემა არ დახვდა მზად იმ ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა. ასევე, მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას ვაპირებთ, რათა ბინადრობის უფლებების გაცემის ნაწილშიც მნიშვნელოვნად გაიოლდეს სიტუაცია. რაც შეეხება უცხოელებისთვის ბინადრობის მიცემის გართულებებს, დიახ, ნამდვილად იყო, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ამას ვაღიარებთ და ვასწორებთ", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ინვესტორების ნაწილი, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს.
„საუბარი გვაქვს მოგების გადასახადის გაუქმებაზე, უფრო სწორად საუბარი არის რეინვესტიციის შემთხვევაში გადასახადის გაუქმებაზე და დივიდენდის დაბეგვრაზე, თუმცა, კონკრეტულ ფორმებზე, თუ როგორ მოხდება ეს, რა რაოდენობით და რა პერიოდში გაიწერება, ცოტა ხნის შემდეგ მოგახსენებთ", – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებულია, თუმცა, ეკონომიკურ კრიზისს ადგილი არ აქვს.
„პრობლემებია გაცვლით კურსთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, რომ დროებითია", – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, მომავალი კვირისთვის იმ ცვლილებების მონახაზი გახდება ცნობილი რომლის განხორციელებაც სახელმწიფო ბიუჯეტში შემცირების მიმართულებით იგეგმება.
"საგარეო ფაქტორებმა გაძლიერებულ დოლართან ერთად გამოიწვია გაცვლითი კურსის ცვალებადობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ლარი გამყარდა მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან, რაც არ გვაძლევს ვალუტის გაუფასურების შედეგად ექსპორტის წახალისების ეფექტს. დოლართან ლარის გაუფასურების ფონზე, უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის დაბალი მაჩვენებლებია. ფასების საერთო დონე იანვარში დეკემბერთან შედარებით გაიზარდა მხოლოდ 0,35 პროცენტით, ხოლო თებერვალში დაახლოებით 0,11 პროცენტით", – განაცხადა ხადურმა. საგარეო ვალთან მიმართებაში დევალვაციის გავლენაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კურსის ცვლილების გამო აღებული ვალი გაიზარდა.
"იმის გამო, რომ ვალის დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში გვაქვს კურსის ცვლილება იწვევს მის ზრდას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ამჟამად ლარში გაზრდილია ვალი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვალი შემცირებულია დოლარში, რადგან ვალის ნაწილი აღებული გვაქვს ევროში და სხვა ვალუტებში, რომელთა მიმართაც ლარის პოზიცია არ შეცვლილა, ხოლო დოლარი გამყარებულია.", – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება გათვალისწინებული იქნება.
"მთავრობის მხრიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებს აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთვის საჭირო ინფორმაციის წარდგენა დაევალათ არაუგვიანეს 16 მარტისა. ამასთან, მთავრობამ ანალოგიური შეზღუდვების დაწესების თხოვნით მიმართა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც არ შედის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტს და სასამართლო ხელისუფლებას. ანალოგიური პარამეტრები იქნება გამოყენებული 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას", – განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თვალსაზრისით შესრულდა, საგადასახადო შემოსავლებმა 27 მილიონით გადააჭარბა, ასევე გადაჭარბებით შესრულდა სხვა შემოსავლები და გრანტები.
მინისტრებმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დასმულ სხვა შეკითხვებსაც უპასუხეს, რომელთა უმრავლესობა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას შეეხებოდა.
დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემაც. უმრავლესობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რატომ არ განახორციელა ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ხარჯვა, როცა ლარის გაუფასურება დაიწყო.
"სავალუტო რეზერვი არის ის თანხა, რომელიც არის გარანტი ფინანსური სტაბილურობის ამ ქვეყანაში. სავალუტო რეზერვების აკუმულირება და სწორი მართვა არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. ამ დროს სავალუტო რეზერვის ხარჯვა არის ყოვლად არასწორი, მიუღებელი, დანაშაულებრივი ქმედება ესეც ვიტყოდი, ვინაიდან ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არის არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპოდუქციული", – განაცხადა ქადაგიძემ.
დეპუტატებმა განცხადებებიც გააკეთეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მტრული რიტორიკა უნდა დასრულდეს. პავლე კუბლაშვილის თქმით, დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრს იმ პრობლემებზე არ უსაუბრია, რაც დღეს ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები აქვს სერგო რატიანის შეფასებითაც.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, აუცილებელია ახალი ეკონომიკური აქტივობების განხორციელება. ნოდარ ებანოიძის განცხადებით, ურთიერთოპონირება უნდა გაგრძელდეს. მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად ერთობლივი ღონისძიებებია საჭირო. დეპუტატმა საპარლამენტო ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა. საექსპორტო პოტენციალის მქონე პროექტების მნიშვნელობასა და მათი განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა თემურ მაისურაძემ.
"საქართველოში არ არსებობს არცერთი საჯარო სხდომა, რომელიც იმ მასშტაბის და ხარისხის დემოკრატიულობის მატარებელია, როგორიცაა საკომიტეტო განხილვა, იმიტომ, რომ მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას. საკომიტეტო მოსმენა იძლევა დემოკრატიის ყველაზე მაღალ ხარისხს იმისთვის, რომ გაიგო, მოისმინო, იკითხო, პასუხი მიიღო“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის, გიორგი გაჩეჩილაძის შეფასებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის გეგმა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
"მთავარია, რომ ჩვენ დავიწყეთ, მოვისმინეთ და მინდა გითხრათ, რომ ამით არ მთავრდება. გაგრძელდება დარგობრივი სამინისტროების მოსმენები და ჩვენი რეკომენდაციებიც შევიმუშავეთ მთავრობასთან ერთად, იმ მიმართულებით, რა უნდა გაკეთდეს და როგორ, რომელსაც ჩვენ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეხვედრისას ისევ მოვისმენთ. დღევანდელი დღისთვის ყველას მადლობელი ვარ, ოპოზიციის განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ძალიან წარმომადგენლობითი იყავით“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ.
ზურაბ ტყემალაძემ კომიტეტების გაერთიანებული სხდომა შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლისთვის საჭირო შემდეგი რეკომენდაციები გააცნო: პრივატიზების პროცესის დაჩქარება; სავიზო რეჟიმის შემსუბუქება; საგადასახადო ტვირთის შესუსტება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ინვესტიციებზე; ახალი რეგულაციების შემოღების პრევენცია; მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა
შესაბამისმა სამინისტროებმა (სოფლის მეურნეობის, კულტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების) გაააქტიურონ მუშაობა ტურისტების ნაკადის გაზრდის მიზნით; ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარება; საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების მასპინძლობა; არსებული ინვესტორების შესაძლო პრობლემების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მოგვარება; ექსპორტის წახალისება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების მაქსიმალური შემცირება; მნიშვნელოვანი რეფორმების დაჩქარება;
ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს პარლამენტის მიერ დადგენილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში მისი პოლიტიკა და უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა.