"გურია ნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას, რომელზეც ოზურგეთში, ყოფილი საავადმყოფოს შენობიდან გამოსახლების მოლოდინში მყოფი მოქალაქეების აქცია და მათი მოსაზრებებია აღბეჭდილი, ქალაქის მერიის პრესსამსახურის პასუხი მოჰყვა.
გთავაზობთ ამ გამოხმაურებას უცვლელად:
"შეხვედრა, რომელიც დღეს ყოფილი სამშობიარო სახლში შესახლებულებთან შედგა, სრულებით არ წარმოადგენდა აქციას და ქალაქ ოზურგეთის მერიის მიერ იყო ინიცირებული. არასწორია ინფორმაცია, თითქოსდა ბეგლარ სიორიძემ შესახლებულებს განუცხადა, რომ ქუჩაში გამოსახლება ემუქრებათ. პირიქით, ქალაქის მერმა მცხოვრებთ ალტერნატიული ფართის მოსაძებნად ერთთვიანი ვადა მისცა, რათა სარემონტო სამუშაოები დაიწყოს. პროცესის დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა გარემონტებულ, საცხოვრებლად ნორმალური პირობების მქონე შენობაში დაბრუნდება. მორიგ შეხვედრას ყოფილი სამშობიაროს შენობაში შესახლებულებთან ქალაქის მერი და ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთხშაბათს ერთად გამართავენ.
ბეგლარ სიორიძე: "გამოყოფილი გვაქვს თანხა, რომ ამ ადამიანებს გავურემონტოთ აღნიშნული ფართი და საცხოვრებლად ნორმალური პირობები შევუქმნათ. გამოყოფილი თანხა საკმარისი იქნება მათი პრობლემის მოსაგვარებლად, რაც შეეხება სოფლის მცხოვრებლებს, მათზე თემთა მუნიციპალიტეტი იზრუნებს", _ ნათქვამია პრესსამსახურის პასუხში.
"გურია ნიუსმა" აქცია მოსახლეობასთან მერის შეხვედრის შემდეგ გადაიღო, ხოლო წარმოადგენდა თუ არა მოსახლეობის ეს ქმედება აქციას, თავად მაყურებელმა გადაწყვიტოს, რომელსაც ვთავაზობთ კიდევ ერთხელ ნახოს ჩვენი სიუჟეტი _ "აქედან გაგვიყვანენ მკვდარს!"
რაც შეეხება იმას, რომ გამოსახლებულების ბედი უკვე გარკვეულია და მათზე თემთა მუნიციპალიტეტი იზრუნებს, ამასაც ვერ დავეთანხმებით, რადგან ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის მიერ "გურია ნიუსთან" გაკეთებული კომენტარის მიხედვით, მუნიციპალიტეტი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ნაწილის პატრონობას შეძლებს. გამგებლის თქმით, სოფელ მერიაში უსახლკაროებისთვის რემონტდება ყოფილი "გარადოკის" ბინები:
"ის ხალხი, რომლებიც იმყოფებიან ყოფილი საავადმყოფის შენობაში და არ არიან ქალაქის მცხოვრებლები, მათ ოჯახებს შეისწავლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური; ვინც მოხვდება პირველ კატეგორიაში, ისინი სოფელ მერიაში იცხოვრებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 400 უსახლკაროა; აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, დავაკმაყოფილებთ იმ ოჯახებს, ვინც პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ამასთან დაკავშირებით კი, დეტალურად მოხდება იმ ადამიანების ინფორმირება, ვინც ყოფილ საავადმყოფოში ცხოვრობს," _აღნიშნავს გამგებელი.