დღეს, სამტრედიაში, მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში, დეკანოზმა ზაქარიამ მონადირეთა და მეთევზეთა მფარველ ხატს პარაკლისი გადაუხადა.
,, ვინაიდან ყოველი ნადირობა და თევზაობა პრაქტიკულად ექსტრემია, ნამდვილად გვჭირდება დაცვა და მფარველობა. დაახლოებით, რვა წლის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწერა სრულიად საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა მფარველი ხატი. ხატის ორიგინალი გელათის მონასტერშია დაბრძანებული, ხოლო ასლი ზუსტად 4 წლის წინ სამტრედიის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრისთვის შეიქმნა,”-,, გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნა სამტრედიელმა ზაზა კიკნაძემ.
დღეს, 26 მაისს, სამტრედიაში მონადირეთა და მეთევზეთა მფარველ ხატს პარაკლისი გადაუხადა დეკანოზმა ზაქარიამ. ახალი ტრადიცია ადგილობრივ მონადირე-მეთევზეებს ერთგვარ ვალდებულებას უჩენს, ყოველი წლის 26 მაისს, მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში მივიდნენ და პატივი მიაგონ მფარველ ხატს.
წელს ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით სამტრედიაში საგანგებოდ ჩამოვიდა საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი, შოთა კვარაცხელია.
„ ვინაიდან ნამდვილი მონადირეები და მეთევზეები ბუნების საუკეთესო დამცველები არიან, ისინი იმსახურებენ საზოგადოების მხრიდან პატივისცემასა და დაფასებას. საქართველოს ეკლესიამ მათი მფარველი ხატიც კი დააწერინა, რომლის მფარველობა არ უნდა მოაკლდეს ჩვენს ნამდვილ მონადირეებს და მეთევზეებს. ვულოცავ ყველას სრულიად საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა მფარველი ხატის დღეს,”-“გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტმა, შოთა კვარაცხელიამ.