ასკანის ციხე ფეოდალური ხანის ციხესიმაგრეს წარმოადგენს. იგი მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე. ციხესიმაგრეში გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ფეოდალური ხანისაა, მეოთხე საუკუნის, უახლესი კი _ მეცხრამეტე საუკუნის.
ციხეს ყოველთვის პატივს მიაგებდნენ ადგილობრივი თუ სოფელში სტუმრად ჩამოსული ადამიანები; სკოლები აწყობდნენ ლაშქრობებს, ასუფთავებდნენ მის შემოგარენს. 20 წლის წინ, ეროვნული მოძრაობის აქტიურმა მონაწილემ ზურაბ ასკანელმა ძეგლთა დაცვის სამსახურიდან წარმომადგენელიც კი ჩამოიყვანა, რომელმაც ციხის გადარჩენისთვის საინტერესო პროექტი ჩამოიტანა.
პროექტის თანახმად, ერთკილომეტრიანი რელსი უნდა გაკეთებულიყო, მასზე დამაგრებული იქნებოდა სატვირთო ყუთი, რომელიც სამშენებლო მასალებს აზიდავდა ციხეზე. თუმცა, მალევე ქვეყანაში სიტუაცია აირია და პროექტიც ჩავარდა.
დღეს ეს უნიკალური ციხე იშლება, გაჩნდა გაუვალი ეკალ-ბარდები, აღარ არსებობს კოშკურები, რომელიც 20 წლის წინ ჯერ კიდევ ჩანდა.
ასკანის ციხე ასე უყურადღებოდ არც ერთ დროში არ ყოფილა მოტოვებული. როგორც ასკანელები ამბობენ, ძალიან საწყენია, რომ ციხე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, დღეს ინგრევა, მის გადარჩენაზე კი არავინ ფიქრობს. მათი თქმით, საჭიროა, სასწრაფოდ მიეწოდოს ინფორმაცია ძეგლთა დაცვის სამინისტროს და იქნებ, როგორმე მოხერხდეს ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.