(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, დღემდე არასამეწარმეო იურიდიული პირის, “მომავლის” დაქვემდებარებაშია. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის თქმით, ახალი წლიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ცალკე აიპად დარეგისტრირდება: _ ეს არის მექანიკური გაერთიანება, რადგან სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ერთმანეთთან კავშირში არ არის. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ცალკე აიპად ჩამოვაყალიბო, _ გვითხრა იმედაშვილმა.
მისივე თქმით, ახალ აიპში გაიხსნება სხვადასხვა წრეები, რომლებიც უფასო იქნება.
მალე ანსამბლ “ილეკროს” საიუბილეო კონცერტიც გაიმართება, რომელიც 10 წელს ითვლის. გამგებელი ამბობს, რომ კონცერტი სცენის არქონის გამო ვერ იმართებოდა: _ მეგობრების დახმარებით, კინოში გავადიდეთ სცენა, ისე რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა და მალე, “ილეკროს” საიუბილეო კონცერტს ჩოხატაურელი მაყურებელი იხილავს, _ ამბობს იმედაშვილი, რომელიც ამ “მეგობრების” ვინაობას არ აკონკრეტებს.
მისივე თქმით, ჩოხატაურში, საახალწლო დღეები ადგილობრივი ძალებით მომზადებული კონცერტებით კვირეულის სახეს მიიღებს.