საქართველოს პრეზიდენტის განცხადება რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე. წ. "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერასთან დაკავშირებით:
გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე. წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ ხელმოწერასთან დაკავშირებით.
სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ამძიმებს ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას და იგი ანექსიის ხარისხში გადაჰყავს.
აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, მოინახოს ვითარების დარეგულირებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გონივრული გზები, რუსეთის ფედერაცია პასუხობს ყოვლად დესტრუქციული ქმედებებით, რაც პრობლემას უქმნის მოლაპარაკებების პროცესს და უკიდურესად ამწვავებს არსებულ ვითარებას.
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გავაერთიანოთ ძალისხმევა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსიის აღსაკვეთად და რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების შესაჩერებლად, რომელიც უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთის უშუალო მეზობელ ქვეყნებს, არამედ საერთო ევროპულ უსაფრთხოებას.