გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თამარ ნადირიძე, ქალაქ ოზურგეთის მერიის მისამართით, მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მან განცხადებით მიმართა ქალაქ ოზურგეთის მერიას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, რაზეც მისივე თქმით პასუხი არ მიუღია.
"ოზურგეთის მერიის წარმომადგენლების მიერ პრესაში გაკეთებული განცხადებების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ მერიაში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ოზურგეთის ყოფილი ცენტრალური საავადმყოფოში მცხოვრები მოქალაქეების საყოფაცხოვრებო და სხვა პირობებს. პრესაში გავრცელებული ინფორმაცია არასრულყოფილი იყო და საჭიროებდა დაზუსტებას.
კერძოდ: საზოგადოებისათვის არ იყო ინფორმაცია ჯგუფის შემადგენლობაზე, სამართლებრივი ფორმაზე, მოქმედების წესზე და განხორციელებულ საქმიანობაზე, შესაბამისად განცხადებით მივმართე ოზურგეთის მერიას და მოვითხოვე ხსენებული ინფორმაცია.
აღმოჩნდა, რომ ამ ინფორმაციის მიღება ფაქტიურად შეუძლებელი გახლავთ, რადგანაც საკრებულოს წევრის სტატუსი და ჩემი სამდღიანი მცდელობა მისი მოძიების მიზნით სრულიად უშედეგო აღმოჩნდა.
ხსენებული ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ მერია თავს იკავებს მისი მოქმედებების გასაჯაროებისაგან და ყველანაირად ცდილობს დაბრკოლებები შეუქმნან თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მსურველ ადამიანებს და მათ შორის საკრებულოს წევრებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ოზურგეთის მერია იტაკქვეშეთში და კონსპირაციულად ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებებს. როგორც სხვა, ისე ამ შემთხვევაშიც იმის იმედად უნდა დავრჩეთ, რომ მერიას და მერს ჩვენთვის როგორც იტყვიან ყველაფერი კარგი უნდა და ხელი არ უნდა შევუშალოთ ოზურგეთის აშენებაში, ჩვენი უადგილო და ჩასაფრებული კითხვებით.
თუ კი, მერიის რომელიმე თანამშრომელი შეეცდება ჩემი მოსაზრებების გაბათილებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლზე მითითებით, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემის 10 დღიან ვადას, წინასწარ ვაცხადებ, რომ ეს ინფორმაცია მე მჭირდება ჩემი საქმიანობის განხორციელებისათვის და არამარტო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესით უნდა მომხდარიყო ჩემთვის მისი გადმოცემა.
ასევე, განმარტებისათვის მოგახსენებთ, რომ 10 დღიანი ვადა მოქმედებებს განსაკუთრებულ შემთხვევებში და ამის შესახებ მოთხოვნისთანავე უნდა ეცნობებინათ"_აღნიშნულია ნადირიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში .