ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ მუნიციპალიტეტის სიმბოლიკების კონკურსში გამარჯვებულთა განცხადება გაასაჯაროვა, რომელშიც ისინი დაწესებული ჰონორარის ანაზღაურებას ითხოვენ.
საუბარია ლანჩხუთის სამხატვრო სკოლის თანამშრომლებზე, რომელთა ერთობლივმა ნამუშევარმა გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. თუმცა, კომისიის სხდომაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გამგეობის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, სიმბოლიკების დაფინანსების პროგრამაზე დახარჯულია 2500 ლარი და გამარჯვებულიც გამოვლენილია. ჩნდება კითხვა სად წავიდა ფული?
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროს როლანდ ლაშხიას თქმით, 2013 წლის ბიუჯეტში მართლაც იდო შესაბამისი თანხა, მაგრამ რადგან კონკურსის გამარჯვებული მაშინ არ გამოვლინდა, შესაბამისად არავის არ მიუმართავს ამ თანხის მოთხოვნით და არც ოფიციალური დოკუმენტი წარმოუდგენია, ამიტომაც აღნიშნული თანხა არც გაცემულა.
რაც შეეხება 2014 წელს, ეს თანხა საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული.
"თუ თანხის გაცემის ვალდებულება გვექნება, შესაბამისად მიმდინარე წლის ბიუჯეტში ავსახავთ კიდეც"- აღნიშნა ლაშხიამ.
წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავამ, რომელიც ამავდროულად სიმბოლიკების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეც გახლდათ, განგვიცხადა, რომ გამგეობას აღნიშნული თანხა 2014 წელს უნდა გაეცა.
"წინა საკრებულომ ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე დაამტკიცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკები და შესაბამისად გამგეობას დაევალა კონკურსში გამარჯვებულებისთვის საჭირო თანხების მოძიება. ამისათვის ბიუჯეტში ცვლილება იყო საჭირო და ვერ გეტყვით რატომ არ მოხდა შესაბამისი პროცედურების გავლა და კონკურსანტებისთვის კუთვნილი თანხების გაცემა", – დასძინა აფხაზავამ.