საქართველოს პარლამენტმა, 18 მარტს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის კობა სუბელიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას ეხებოდა, პირველი მოსმენით 62-ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო.
წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. ამასთანავე, მშობლის სურვილის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება ეძლევათ იმ პირებს, რომელთა ასაკი 5 წელს აღემატება.
პარლამენტმა თუ ეს ცვლილება საბოლოოდ დაამტკიცა, განათლების სამინისტროს საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა მოუწევს, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვს, რომელსაც 6 წელი სწავლის დაწყების მომენტისთვის არ ექნებოდა შესრულებული, სკოლაში შესვლა ეკრძალებოდა. სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება თავის დროზე მშობლების კრიტიკის საგანი გახდა.
მშობლებს მიაჩნდათ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპრომისზე უნდა წასულიყო და ის ბავშვებიც მიეღო სკოლაში, რომლებსაც სწავლის დაწყებიდან მალევე უსრულდებოდათ 6 წელი.
"წელს ჩვენი 5 წლის შვილები სწავლის დაწყებას შეძლებენ და აღარ დაკარგავენ ერთ წელს. კარგია, რომ ბავშვების სწავლის უფლებასთან დაკავშირებით პოლიტიკური დაპირისპირების გვერდზე გადადება შევძელით", _ აღნიშნა კანონპროექტის ინიციატორმა კობა სუბელიანმა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება.
"ეს არის უაღრესად ფაქიზი პრობლემა, რომლითაც დაინტერესებულია მოსახლეობის დიდი ნაწილი და ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება", _ აღნიშნა ივანე კიღურაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის კვლევითმა დეპარტამენტმა აღნიშნული პრაქტიკა მსოფლიოს 30 ქვეყნის მაგალითზე შეისწავლა. კიღურაძის ინფორმაციით, როგორც გაირკვა, 6 წლამდე ასაკის ბავშვებს მხოლოდ დიდი ბრიტანეთის, კვიპროსის და მალტის სკოლებში იღებენ.
"ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ყველაფერი მივანდოთ მშობლებს. ვფიქრობ, 5 წლის ბავშვის სკოლაში გაშვება მიზანშეწონილი არ არის. მთელი ძალისხმევა იქით უნდა გადავიტანოთ, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნას მოსამზადებელი კლასები – შეიძლება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, მაგრამ, რაც მთავარია, ამისთვის მომზადდნენ მასწავლებლები", _ განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
დეპუტატ კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციტივას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის წევრებმაც: ოთარ ჩრდილელმა, დარეჯან ჩხეტიანმა, თამარ კორძაიამ, კარლო კოპალიანმა, გია ჟორჟოლიანმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, ზურაბ ზვიადაურმა, ნოდარ ებანოიძემ და მალხაზ წერეთელმა. კანონპროექტი ასევე გაიზიარეს ანზორ ბოლქვაძემ, გიორგი ფეიქრიშვილმა, იაშა შერვაშიძემ და გურამ მისაბიშვილმა.
"თავისუფალი დემოკრატებიდან" კანონპროექტს მხარი მხოლოდ შალვა შავგულიძემ დაუჭირა.
სოციალურ ქსელებში "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებების ინიციატივას ასე გამოეხმაურნენ:
"ჩემი შვილები ნოემბრის დასაწყისში გახდნენ ექვსის. ახლა უკვე მეორე კლასში არიან. როცა მეცადინეობაზე ნერვებს მიშლიან, ვნანობ, რომ საერთოდ შევიყვანე სკოლაში".
"ვისაც არ უმუშავია ხუთი წლის ბავშვებთან, მისთვის ადვილი გადასაწყვეტი თემაა: ასოებს სცნობს, დათვლა იცის….ჰგონიათ,რომ სულ ესაა…არ არის ბავშვი ხუთი წლის ასაკში მზად ბევრი ასპექტით. რატომ უნდა დატანჯო შენი შვილი. არ მესმის, სად ეჩქარებათ…ისედაც დაკარგულ ბავშვობას რატომ უკარგავენ?"
"არცერთი ხუთწლიანი მოსწავლე არ ამართლებს, მშობელი თუ გამოიჩენს გონიერებასა და სიფრთხილეს, თორემ ამათ კანონებს ვერაფერს გაუგებს კაცი", _ წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა არ არის სასურველი. იმიტომ რომ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ასეთ ბავშვებს აქვთ სერიოზული ემოციური და ქცევითი პრობლემები.
"მშობლებს ძალიან ეჩქარებათ შვილების სკოლაში მიყვანა, ამიტომ ბევრ რამეს ვერ ითვალისწინებენ და აღმოჩნდებიან ხოლმე სერიოზული პრობლემების წინაშე. ჩვენს განათლების სისტემას თუ გავითვალისწინებთ, სადაც არ არსებობს, მოსამზადებელი კლასები, 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა არაა რეკომენდირებული. შესაძლოა, ბავშვმა იცოდეს წერა-კითხვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ემოციურად და ფსიქოლოგიურად სკოლისთვის მზადაა. არც იმას ვემხრობი, რომ 6 წლის ბავშვი სკოლის მოლოდინის რეჟიმში იყოს, ანუ იმ ვარიანტს, რაც განათლების სამინისტროს ჰქონდა. მაგალითად, ბავშვი რომელიც დაიბადა 15 ოქტომბერს, რომ დალოდებოდა მომავალი წლის სექტემბერს. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე კომპრომისული ვარიანტის მოძებნა უნდა მოხდეს", _ ამბობს ფსიქოლოგი.
რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტზე, უწყებაში აცხადებენ, რომ მათი პოზიცია უცვლელია:
"ჩვენ თავის დროზე გადაწყვეტილება – სასკოლო ასაკი რომ აგვეწია 6 წლამდე – მივიღეთ არაერთ კვლევაზე დაყრდნობით. სტატისტიკის, ანალიზის შედეგად. ჩვენი პოზიცია კვლავ იგივე რჩება: რომ სკოლაში უნდა შედიოდნენ 6 წლიდან ზევით ბავშვები. ეს კანონი 2 წლის წინ მიიღეს, უმცირესობამ და უმრავლესობამ ამ კვლევების შესახებ მშვენივრად იცოდა. პარლამენტმა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამაზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ამისთვის პარლამენტის პრესცენტრს უნდა მიმართოთ. ყველა სპეციალისტი ცალსახად აღნიშნავს, რომ აუცილებელია, სკოლაში შესვლისას ბავშვი იყოს 6 წლის. სამინისტროში კმაყოფილები არიან ამ გადაწყვეტილებით, თუ უკმაყოფილოები, ამას ვერ დაგიდასტურებთ. კანონპროექტი ჯერ პირველი მოსმენითაა მიღებული. თუმცა კანონს თუ მიიღებენ, სამინისტრო მას დაემორჩილება. აბა, ხომ არ უგულვებელჰყოფს?!", _ აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
მიიღებს, თუ არა "ზოგადი განათლების შესახებ კანონში" ცვლილებებს პარლამენტი და ექნებათ თუ არა 5 წლის ბავშვებს საბოლოოდ სკოლაში შესვლის უფლება, შემდგომ სესიებზე გახდება ცნობილი.