"დარწმუნებული ვარ, არც ერთ იმ მოხელეს, ვინც ბედავს უკანონო ქმედების ჩადენას, რა რანგისაც არ უნდა იყოს ის, დანაშაული არ შერჩება", – განაცხადა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გუშინ საღამოს გამართულ დედაქალაქის მთავრობის საგანგებო თათბირზე. თათბირს საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები, გამგებლები და საქვეუწყებო სამახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
"დღეს გამოვლინდა დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი. სამწუხაროდ, ადამიანები, როგორც ჩანს, სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ ჭკუას და კვლავ უმძიმეს დანაშაულს სჩადიან. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაშური ოპერატიულობისათვის, მის ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელმაც კიდევ ერთი დანაშაული გამოავლინა მერიის სისტემაში. დარწმუნებული ვარ, არც ერთ იმ მოხელეს, რომელიც ჩაიდენს მსგავს დანაშაულს, არ შერჩება, რა რანგისაც არ უნდა იყოს ის. მიუხედავად იმისა, რომ რეაგირება ოპერატიულია, შესაბამისი სამსახურების მხრიდან აუცილებელია, ჩვენ თვითონაც, მერიის სტრუქტურის შიგნით გავამკაცროთ კონტროლი და გავაძლიეროთ ანტიკორუფციული საქმიანობა. ამიტომაც მინდა დაგავალოთ თითოეულ თქვენთაგანს – ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, რაიონების გამგებლებს, დაქვემდებარებული შპს-ების და სხვა სამსახურის ხელმძღვანელებს, მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანოთ ყველა თანამშრომელი, მისცეთ მათ დღესვე შესაბამისი მითითებები, გაფრთხილებები და დღეის შემდეგ თუ ამ ტიპის დანაშაული განმეორდება, ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთ ფაქტზე უშუალო ხელმძღვანელი აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას. ამიტომაც, ძალიან აქტიურად უნდა დავიწყოთ მოქმედებები", – მიმართა თბილისის მერმა მთავრობის წევრებს.
თბილისის მერმა საგანგებო თათბირი შსს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ვაკის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით მოიწვია.