ქალაქ ოზურგეთის ყოფილ საავადმყოფოში, წინასაარჩევნოდ შესახლებულ უსახლკარო, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში, ყოფილი საავადმყოფოს შენობის დატოვება მოსთხოვა.
ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ ყოფილი საავადმყოფოს შენობის ეზოში შეკრებილებს განუცხადა, რომ რადგან იქ შესახლებულთა უმრავლესობა სოფლის მცხოვრებია, შესაბამისად, მათი დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეროგატივაა.
"ქალაქ ოზურგეთის მერიაში შესაბამისმა კომისიამ დაადგინა იმ უსახლკაროთა სია, ვინც ქალაქის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული. მერიაში გამოყოფილი თანხა საკმარისი იქნება მათი პრობლემის მოსაგვარებლად. რაც შეეხება სოფლის მცხოვრებლებს, მათზე თემთა მუნიციპალიტეტი იზრუნებს", _ განუცხადა ბეგი სიორიძემ შეკრებილებს, რასაც მოსახლეობის მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სიორიძემ ყოფილი საავადმყოფოს შენობა დატოვა.
ყოფილ საავადმყოფოში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი აქ შესახლება ხელისუფლების თანხმობით მოხდა.
"მოვიდა ბატონი ბეგი, რომელმაც გვითხრა, რომ ვინც სოფლებში ცხოვრობთ, უნდა მოგხედოთ სოფლების მუნიციპალიტეტმა, ჩვენ დავაკმაყოფილებთ მხოლოდ ქალაქის მაცხოვრებლებს, თქვენ აქ შემოჭრილები ხართო. ჩვენ წინასაარჩევნოდ შემოგვიშვეს აქ, მიგვატანინეს პასპორტები, ხმა რომ მივეცით, მაშინ ხომ იყო კარგი? ვინ დაგვყო სოფლელებად და ქალაქელებად? ჩვენ ფეხს არ მოვიცვლით აქედან, მკვდარს თუ გაგვიტანენ", _ ამბობდნენ ყოფილი საავადმყოფოს ეზოში შეკრებილები.
მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის მიერ "გურია ნიუსთან" გაკეთებული კომენტარის მიხედვით, მუნიციპალიტეტი, ამ ეტაპზე, მხოლოდ მოქალაქეების ნაწილის პატრონობას შეძლებს. გამგებლის თქმით, სოფელ მერიაში უსახლკაროებისთვის რემონტდება ყოფილი "გარადოკის" ბინები:
"იმ მოქალაქეების მდგომარეობას, რომლებიც იმყოფებიან ყოფილი საავადმყოფოს შენობაში და არ არიან ქალაქის მცხოვრებლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური შეისწავლის. ვინც მოხვდება პირველ კატეგორიაში, ისინი სოფელ მერიაში იცხოვრებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 400 უსახლკაროა; აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, დავაკმაყოფილებთ იმ ოჯახებს, რომლებიც პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ამასთან დაკავშირებით კი, დეტალურად მოხდება იმ ადამიანების ინფორმირება, ვინც ყოფილ საავადმყოფოში ცხოვრობს", _ აღნიშნავს გამგებელი.
მორიგ შეხვედრას უსახლკაროებთან ქალაქის მერი და ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის გამგებელი ერთად გამართავენ.