დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა და ევროპის ლიგების მეოთხედფინალების კენჭისყრა გაიმართა. ჩემპიონთა ლიგაში ფრანგული "პსჟ" ესპანურ "ბარსელონას" დაუპირისპირდება. ერთი წყვილი სუფთა ესპანური გამოვიდა და ლიგის შარშანდელი ფინალი განმეორდება, სადაც მადრიდული კლუბები-"ატლეტიკო" და ‘რეალი" მოსინჯავენ ერთმანეთში ძალებს.
პორტუგალიური "პორტო" ლიგის უდავო ფავორიტს მიუნჰენის "ბაიერნს" გაეჯიბრება, ხოლო იტალიურ გრანდ "იუვენტუსს" ალბათ, გაუმართლა ფრანგული ‘მონაკო" რომ არგუნა იღბალმა.
მეოთხედფინალები 14-15 და 21-22 აპრილს გაიმართება , მასპინძლად პირველად დასახელებული გუნდები იქნებიან. ნახევარფინალები 5-6 და 12-13 მაისს შედგება, ფინალს კი 6 ივნისს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.
რაც შეეხება ევროპის თასს, აქ ჯაბა კანკავას "დნიპრო" ბელგიურ "ბრიუგეს" პირველ თამაშში უმასპინძლებს. სხვა წყვილები ასე გამოიყურება: სევილია – ზენიტი; კიევის "დინამო" – ფიორენტინა; ვოლფსბურგი – ნაპოლი.