21 მარტს მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთიანდება. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მხარდმჭერ აქციას მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა მე-3 საბავშვო ბაგა-ბაღში შეუერთდნენ და ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში სულ დაუნის სინდრომის მქონე 17 აღსაზრდელია.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის და თბილისის საკრებულოს ერთობლივი ინიციატივით, უკვე შესაძლებელია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაღში დარეგისტრირება, რომლებიც გასულ წლებში ვერ რეგისტრირდებოდნენ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში, რადგან მათი ასაკი აღემატებოდა 6 წელს. 2014 წლის სექტემბრიდან მშობლის სურვილისა და ექიმის დასკვნა/რეკომენდაციის საფუძველზე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 6-დან 7 წლამდე ასაკის გსმ (განსაკუთრებული საჭიროების მქონე) ბავშვებსაც აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ სააღმზრდელო პროცესში.
ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის დაგეგმვისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ინკლუზიური გარემოს შექმნა გსმ ბავშვებისთვის.