საფეხბურთო აბონემენტებთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელებს მორიგი "იაღლიში" მოუვიდათ. საქმე ისაა, რომ "გურიასა" და გორის "დილას" შეხვედრა 19 მარტს იყო ჩანიშნული, აბონემენტის მიხედვით კი თამაში "გურიას" სტადიონზე 21 მარტს უნდა გამართულიყო.
შეცდომის გამოსწორება კლუბის მესვეურებმა ფანკლუბის საშუალებით სცადეს. ფანკლუბის წევრები, თეთრ-წითელი ფერებით დამშვენებულები, ქალაქსა და სოფლებში ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და მეგაფონით აქტიურად მოუწოდებდნენ გულშემატკივრებს შეცდომაში არ შესულიყვნენ და 21-ის ნაცვლად თამაშზე 19 მარტს მისულიყვნენ.
თითქოს, ამ ამბავში უჩვეულო არაფერია, რომ არა ერთი ფაქტი _ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს 21 მარტის გაგონებაზე გონებაში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქცია გაახსენდა და თეთრ-წითელში გამოწყობილი "გურიას" ფანები "ნაციონალების" აქტივისტებში აერიათ.