ბოლო დროს ისე განვითარდა მოვლენები, რომ 2012 წლისთვის ბევრი საინტერესო მოვლენის თუ ფაქტის წინაშე დავდგებით. არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციურ სპექტრში ერთ დროს ძლიერი “მოქალაქეთა კავშირის” სახეებიც ვიხილოთ., რომლებიც, დღეს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მყოფთაგან განსხვავებით, დროებით ჩამოშორდნენ პოლიტიკურ სცენას. “გურია ნიუსმა” ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელს ერთი შეკითხვით მიმართა _ შესაძლებელია თუ არა ძველი სახეების გამოჩენა 2012 წლის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ოპოზიციონერი ლელა ნაცვალაძე საუბარს მისი “მოქალაქეთა კავშირის” წევრობის ისტორიით იწყებს:
_ იქედან დავიწყებ, რომ 1995 წლიდან გახლდით “მოქალაქეთა კავშირის” პრესმდივანი, პოლიტიკური მდივანი, ახალგაზრდული კავშირის აღმასრულებელი მდივანი, სამხარეო ორგანიზაციის ბუღალტერი და მე მეამაყება იმ წლების, რადგან გვერდით ვედექი მამია ლომაძეს, ლადო გოგუაძეს, როლანდ თავაძეს, ილია კალანდაძეს _ აი, ვინ იყვნენ ნამდვილი მოქკავშირელები. მაგრამ, როცა აწ გარდაცვლილმა ზურაბ ჟვანიამ, თავის უზარმაზარ გუნდთან ერთად, დატოვა მოქალაქეთა კავშირი, მეც მასთან ერთად წავედი და დავინიშნე “გაერთიანებული დემოკრატების” აღმასრულებელ მდივნად. ამის შემდეგ, ჩვენს რაიონში “მოქკავშირი” გადაიქცა მაფიოზურ კლანად და მას ჰყავდა ერთი ყველასთვის ცნობილი დირიჟორი, რომელმაც კარგად გამოიყენა ძალაუფლება, გარს შემოიკრიბა სხვადასხვა სფეროს მუშაკები და დაიწყო საზოგადოების თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა. ისიც კარგად მახსოვს, “საზრიანთა კლუბის” გამარჯვებული გუნდისთვისთვის პრიზი ვიყიდე, მაგრამ პრიზის გადაცემაზე უარი მითხრეს _ “დირიჟორმა” ასე ბრძანაო. იმ ადამიანებს, შენ, რომ “მოქკავშირლებს” ეძახი, მე დროიძეებს და ყვარყვარეებს ვუწოდებ. დღეს ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია იმათაც აქვთ, “ვარდების რევოლუციის” წინ ოპოზიციის დროშების მოპარვაში ბავშვებს ფულს რომ უხდიდნენ. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მისი თანამებრძოლები დაივიწყა და რაიონისა და მხარის სადავეები, სწორედ ყვარყვარეებსა და დროიძეებს გადასცა. უფრო მეტიც, ზოგი საპრეზიდენტო არჩევნების დროს პრეზიდენტის შტაბს ხელმძღვანელობდა და აქტიურ ზეწოლას აკეთებდა პედაგოგებზე, ზოგმაც ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციებში გაუგონარი შტატი გამოიგონა და რიგი ჟურნალისტებისა “დაასაქმა”, როგორც მისი თვალი და ყური; ზოგმაც, მის გვარში არც შარვლიანი დატოვა და არც _ კაბიანი, რომ არ დაესაქმებინა. უამრავი სხვა მაგალითების მოყვანა შეიძლება, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს ადამიანები, როგორც კი იგრძნობენ ხელისუფლების წინააღმდეგ დაბერილ სიოს, მაშინვე იწყებენ იატაკქვეშეთში მუშაობას, ღამეები არ სძინავთ, ეძებენ ხვრელებს. უკვე დღესაც დაწყებულია რღვევა სახელისუფლებო ეშელონებში, მაგრამ ჯერ არ აქტიურობენ, რადგან თავიანთი ტყავების ეშინიათ. ვაი თუ, არაფერი გამოვიდესო!
“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, მარინე სუნგულიას თქმით, “მოქკავშირის” რეანიმაცია ოზურგეთში უკვე შედგა: _ “მოქალაქეთა კავშირის” ის სახეები, რომლებიც “მარადისობის კანონს” უქვემდებარებენ საკუთარ თავს, უკვე გამგეობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში იმყოფებიან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, ოზურგეთის რესურსცენტრის ყოფილი თუ დღევანდელი ხელმძღვანელი, გუბერნატორის მოადგილე და ა.შ. ალბათ, მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა. ხოლო “ვარდების რევოლუციის” შემოქმედნი ნელ-ნელა გამოიდევნენ მმართველობიდან. მათ გვარებს აღმოაჩენთ სხვადასხვა ა(ა)იპი-ებსა და უმნიშვნელო თანამდებობებზე, ეს იმიტომ ხდება, რომ “მარადისობის კანონს” დაქვემდებარებული ჩინოსნები კვლავაც მათი დახმარებით მოხვდნენ ხელისუფლებაში. მე გარკვეული ინფორმაცია გამაჩნია, რომ ახლანდელი ჩინოსნები ადგილს ეძებენ ივანიშვილის ორბიტაზე ზოგი ღიად და ზოგიც _ ფარულად. ჯანსაღი ოპოზიცია შევეცდებით, ამ პროცესებს ხელი შევუშალოთ, უპირველესად მათი მხილებით, _ გვითხრა მარინე სუნგულიამ.
“გურიის თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, თემურ სალუქვაძემ ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა: _ ჯერჯერობით, არ გამაჩნია არანაირი საფუძველი რაიმე პოლიტიკური კომენტარი გავაკეთო.