საფრანგეთის ქალაქ ლე-პუიში ცხოვრობს 56 წლის დალაქი, ბერნარ აშერიო. იგი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ამქვეყნად ყველაზე უიღბლო ადამიანი.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ წლინახევრის ბერნარი, რომელიც ის-ის იყო პირველ ნაბიჯებს დგამდა, დაეცა და ბარძაყის ძვალი მოიტეხა. ამ ასაკში ბავშვი, ჩვეულებრივ, ასეთ ტრავმას არ იღებს.
როცა წამოიზარდა და სამთვლიან ველოსიპედზე პირველად დაჯდა, ველოსიპედი გადაბრუნდა და ბიჭმა თავი გაიტეხა. მოწაფეობისას უამრავჯერ მოიტეხა ხელ-ფეხი, რამდენჯერმე მანქანაც დაეჯახა, სახურავიდანაც გადმოვარდა და არაერთგზის მდინარეში დახრჩობასაც გადაურჩა.
სანამ ჭაღარაშერეული ბერნარი გინესის წიგნში მოხვდებოდა, ერთი თვის განმავლობაში უამრავი უსიამოვნება შეემთხვა. მის სახლს დაეცა მეხი, რის შედეგადაც გადაიწვა ტელევიზორი, მაცივარი და სამზარეულო კომბაინი, მეორე დღეს გაუსკდა ცენტრალური გათბობის რადიატორი და მთელი ბინა წყალმა დატბორა, ორი დღის შემდეგ მის მანქანას სატვირთო მანქანიდან გადმოვარდნილი გაზის ბალონი დაეცა, ძლივს გაარემონტა თავისი „პეჟო“ და, როგორც კი მანქანით ქუჩაში გავიდა, მთვრალი მძღოლი დაეჯახა.
ეს ამბები კი იმით დასრულდა, რომ ვიღაც მაწანწალამ მის სარდაფში თავი ჩამოიხრჩო. თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, ბერნარი თავს მაინც ბედნიერად მიიჩნევს.