"ნამდვილი კვლევა არჩევნებია", _ ასე ეხმაურება, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი, სრულად მისი პრეზენტაცია კი პარასკევს გაიმართება.
კვლევების თანახმად, პარტიების რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა – "ქართული ოცნება" – 36%, "ნაციონალური მოძრაობა" – 14%, "თავისუფალი დემოკრატები" – 10%, "ლეიბორისტული პარტია" – 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" – 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 5%.
გარდა ამისა, კვლევების თანახმად, ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. ორივეს ნდობის 62 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. შემდეგ მოდიან ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი 57%-ით და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ალასანია 56%-ით.
ბერძენიშვილის მსგავსად, სხვა უმრავლესობის დეპუტატებიც მიიჩნევენ. რომ აღნიშნული მონაცემები რეალობას არ ასახავს.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად IRI-ის და არც NDI-ის მიმართ დიდი პატივისცემისა, მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და შეხედულებები აქვთ, შესაბამისად კვლევა რეალური არაა.
შედარებით განსხვავებული პოზიცია აქვს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერ გია ვოლსკის.
დეპუტატის თქმით, მონაცემები დამაფიქრებელია – "ორგანიზაციებმა, რომლებიც IRI-ის და NDI-ის კვლევებში მონაწილეობენ, საზოგადოების დიდი სიმპატია და ნდობა ვერ დაიმსახურეს, თუმცა რაც გამოქვეყნდა, გვექნება საშუალება იმისა, შევაფასოთ. აქ მარტო ნდობის თემა არ არის, საჭიროა ჩაღრმავებული ანალიზი. პირველადი მონაცემები, რომელსაც გუშინ გავეცანი, დაფიქრების საფუძველს იძლევა. "ქართული ოცნება" წინ არის, რაც მოსალოდნელი იყო. ნდობა მის მიმართ მაღალია და იმ პრობლემების შეფასება, რაც გუშინ წარმოადგინეს, საინტერესოა. კვლევები დაემთხვა ლარის მძლავრი რყევის პერიოდს და რასაკვირველია, ამან გავლენა მოახდინა. საუბარია ეკონომიკურ თემებზე, სოციალურ საკითხებზე-კვლევა ცუდ ფონზე ჩატარდა" – აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების პოზიციას, როგორც პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს, პარტია IRI -ის კვლევის მონაცემებს ენდობიან, რადგან უნდობლობის საფუძველი არ აქვთ.
"IRI -ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ აქვთ არანაირი პარტიული ინტერესი", – განაცხადა ცისკარიშვილმა.