"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, ის გრძნობს, რომ საქართველო უფრო მეტად უახლოვდება შესაძლებლობების ხელიდან გაშვების ზღვარს და სინანულს გამოთქვამს, ქვეყანაში ჯარისა და მთავრობის მიმართ საზოგადოების უნდობლობის გაზრდაზე.
"ძალიან საწყენია, რომ კვლევების მიხედვით, თავდაცვის, ჯარისა და სახელმწიფოს მიმართ საზოგადოების ნდობამ იკლო. ეს არის პირდაპირ კავშირში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ვერ ახორციელებს და თავს ვერ ართმევს საქართველოს მთავრობა.
ჩემი აზრით, აქ მთავარი, რაც უნდა ამოვიკითხოთ არის ის, რომ საზოგადოების განწყობა თავად არ იბადება. ის დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად, გამართულად ფუნქციონირებს როგორც მთავრობა, ისე პოლიტიკური სისტემა. ის უიმედობა, რომელიც საქართველოში ისადგურებს, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც იგრძნობა. მე ვგრძნობ იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების ხელიდან გაშვების წინაშე დგას", – აცხადებს ალასანია.