დედაქალაქის მთავრობა 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს ამზადებს. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, საბიუჯეტო ცვლილებებით 1 800 000 ლარი დაიზოგება. აქედან 300 000 ლარი ადმინისტრაციული ხარჯებია, ხოლო 1 553 000 ლარი საპრემიო ფონდი.
"2015 წლის ბიუჯეტში საკმაოდ შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები ჩავდეთ. მიუხედავად ამისა, დედაქალაქის ბიუჯეტს რევიზია კვლავ ჩავუტარეთ და ჯამში მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დანაზოგი გავაკეთეთ, საიდანაც 300 000 ლარი უშუალოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაა, 1 მილიონ 553 ათასი ლარი კი საპრემიო ფონდის შემცირება”- განახადა დავით ნარმანიამ.
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, იგეგმება სხვა საბიუჯეტო ცვლილებებიც, რომლის ფარგლებში ცალკეული მუხლებიდან დაიზოგება რამდენიმე მილიონი ლარი და ინფრასტრუქტურის ხარჯებში გადავა.