თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პროკურატურას ე.წ. კაბელების საქმეზე მომუშავე ექსპერტის, ავთანდილ გუმთაიშვილის გატაცებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
_ გუშინ, სავარაუდოდ, ტელევიზიით ჩემი გამოსვლის შემდეგ პროკურატურამ შეიძლება ითქვას, გაიტაცა ავთანდილ გუნთაიშვილი და სასწრაფოდ წაიყვანა პროკურატურაში. ეს არის ექსპერტი, ტექნიკოსი, რომელიც ადეკვატურ, სწორ შეფასებებს აძლევდა მოვლენებს და, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე ექსპერტული დოკუმენტი შექმნა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის ზეწოლის ქვეშ აიძულეს, უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე. ეს არის პროკურატურის სირცხვილი, ეს არის სირცხვილი ივანიშვილის. დარწმუნებული ვარ, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე მან გადადგა ეს ნაბიჯი და მე ამას ასე არ დავტოვებ, – განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ამ ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს:
_ უნდა დადგინდეს, რატომ მოხდა შუაღამით ექსპერტის გატაცება, მისი მიყვანა პროკურატურაში, რის შემდეგაც მან სასამართლოსთვის მის მიერვე მომზადებული საექსპერტო დასკვნის მიცემაზე უარი თქვა. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. ეს არის ძალადობა, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იქნას შესწავლილი და გამოკვლეული. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლა არაფერი იცვლება. ისევ პროკურატურა არის გამოყენებული ზეწოლის და პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტად. ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, _ აღნიშნა ალასანიამ.
ირაკლი ალასანიას თქმით ამასთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტშიც ჰქონდა საუბარი.