(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ როგორც “გურია ნიუსი” წერდა, შპს “დამოუკიდებელი სამაუწყებლო ტელეკომპანია “გურია” ვანო ჩხარტიშვილმა იყიდა. შესაბამისად, ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებიც გახორციელდა და პირველი თათბირი 5 დეკემბერს ჩატარდა. სწორედ ამ დღეს გაეცნო თანამშრომლებს გენერალურ პროდიუსერად ელდარ მდინარაძე, ხოლო გენერალური დირექტორის მოადგილედ _ ლევან სკამკოჩაიშვილი.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში ტელეკომპანია “გურიას” რამდენიმედღიანი ექსგენერალური დირექტორი ზურაბ გობრონიძე ამბობდა, ტელეკომოპანიის საქმე უზენაეს სასამართლოში იყო და შესაბამისად, ყადაღა ედო. გობრონიძის თქმით, სასამართლო დავა, რომელიც ხათუნა სიორიძესა და მარინა ვასილევას შორის წლების განმავლობაში გრძელდებოდა, სიორიძის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მოვლენები სხვანაირად განვითარდა და სასამართლომ დავა მარინა ვასილევას სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სკამკოჩაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ საქმის ახალი დეტალები ჩვენგან გაიგო: _ ამ სახელმწიფოსგან არაფერია გასაკვირი, არ აწყობდათ ობიექტური, დამოუკიდებელი და დაბალანსებული ტელევიზია, _ გვითხრა სკამკოჩაიშვილმა.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გობრონიძე ისევ ავთანდილ გველებიანმა შეცვალა, რაც დაადასტურა კიდეც ამ უკანასკნელმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში.
აღსანიშნავია, რომ უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული საქმე 2010 წლის 17 მაისს მიიღო წარმოებაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვა უნდა მომხდარიყო უახლოესი 6 თვის განმავლობაში. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში კი, გასულია 18 თვე _ 2010 წლის 17 მაისიდან _ 2011 წლის 28 ნოემბრამდე.