მზარდი რუსული ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სახალხო დიპლომატიის კუთხით ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, არჩილ ყარაულაშვილმა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ტრანსფორმაციისა და განვითარების ქვეკომიტეტის დელეგაციასა წევრებმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების დაჩქარება და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება წარმოადგენს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების ეფექტიანი და დროული იმპლემენტაციის აუცილებლობაზე და ნატო-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე აღნიშნულ პროცესში.