ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ოთხი შეიარაღებული პირი ერთ-ერთ ოჯახს დაესხა თავს.
როგორც სოფლის მცხოვრებლებმა გვითხრეს, ი.ა.-ს დაახლოებით ღამის ცხრა საათისთვის, ოთხი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ყაჩაღები ოჯახის წევრებს ოქროს სთხოვდნენ. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საბოლოოდ ოჯახიდან ოქროსთან ერთად 200 ლარი წაიღეს და ასევე მსუბუქი ავტომანქანა წაიყვანეს, რომელიც მეორე დღეს სოფელ ცხემლისხიდში იპოვეს.
აქაურებმა ჩვენთან საუბრის დროს თქვეს, რომ ეს მათი სოფლელის ჩადენილი არ იქნება.
_ ამ ოჯახს ყველანი პატივს სცემს, არ მგონია რომელიმე შემოქმედელს (შემოქმედის თემში შედის გომი) ეს გაეკეთებინოს, _ თქვა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
დღეს დილით, სოფელ შემოქმედში სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი სახლიდან აიყვანა, მაგრამ ისინი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.
აღნიშნული ყაჩაღობა 9 დეკემბერს მოხდა, აქედან რამდენიმე საათში, 10 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. გახსნის ცერემონიალზე მინისტრმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად რამდენჯერმე “საქართველოს პოლიციას გაუმარჯოს!” _ სკანდირება მოახდინა. და ეს მაშინ, როცა ქურდობის და ყაჩაღობის ფაქტებმა გურიის რეგიონში კატასტროფულად იმატა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, აღნიშნულ ყაჩაღობამდე, ამავე სოფელში მცხოვრებ ზ.ს. ოჯახიდან მძარცველებმა 25 ტომარა თხილის წაღება მოახერხეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი ბოლო 30 დღის განმავლობაში სამი ყაჩაღობა მოხდა.