მავრიკიის პლაჟები დედამიწის განვითარების საიდუმლოს ინახავს -მეცნიერებმა ამ კუნძულის ქვიშის შესწავლის შემდეგ, როდინიას, ინდოეთსა და მადაგასკარს შორის მიკრომატერიკის მილიარდი წლის წინათ არსებობის მტკიცებულებანი აღმოაჩინეს. ამას გარდა, ნათელი მოეფინა სეიშელის კუნძულების წარმოშობას, რომლებიც ადრე განსაკუთრებულად მიიჩნეოდა და მათი წარმოშობის ისტორია ბნელით იყო მოცული.
მავრიკიის პლაჟების ქვიშის ანალიზის შედეგები და ინდოეთის ოკეანის გრავიმეტრიული გაზომვები ნორვეგიელ, გერმანელ და ბრაზილიელ მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა. მიკროკონტინენტს მათ მაურიცია ან მავრიცია დაარქვეს.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ ცირკონები და ამოვიღეთ პლაჟის ქვიშიდან – ეს ზუსტად ისაა, რასაც, ჩვეულებრივ, პოულობენ კონტინენტურ ქერქში. ისინი ძალზე ძველია“, – ამბობს ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, ტრონდ ტორსვიკი.
სწავლულებმა დაადგინეს: ცირკონები 600 მილიონი წლის წინა პერიოდისაა, რაც მათ საშუალებას აძლევს, ივარაუდონ, რომ მაურიცია ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა და ჩაეჭედა მადაგასკარსა და ინდოეთს შორის როდინიის არსებობის პერიოდში, ხოლო 83 მილიონი წლის წინათ მადაგასკარს გამოეყო ინდოეთი, სეიშელის კუნძულები და კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი.
„შეუძლებელია, ზუსტად ვთქვათ, როდის „დაკარგა“ ინდოეთმა მაურიცია, მაგრამ ნათელია ის პროცესები, რამაც „გასწია“ ინდოეთი, ჩაძირა მიკროკონტინენტი, რომლის ნამსხვრევები ახლა მავრიკიის ქვეშ და ინდოეთის ოკეანეში 10 კილომეტრის სიღრმეზე უნდა ვეძებოთ, რაც ალბათ, ძალზე დიდი ფული დაჯდება“, – განაცხადა სამხრეთაფრიკელმა გეოლოგმა ლუის ეშვლმა.