(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის საკრებულოს წევრი მაკა კვირკველია “კონსერვატიული პარტიიდან” წასვლის მიზეზებზე საუბრობს:
_ უპირველესად მინდა იმ უზუსტობის შესახებ გითხრათ, რაც დაიწერა, თითქოს ფრაქცია დამეშალა წინა საკრებულოში. ჩემი ფრაქცია იყო ძალიან აქტიური და მეც უკვე დავიწყე გააქტიურება. მქონდა იძულებითი შესვენება, რადგან 26 მაისის მოვლენების დროს დავშავდი. ასევე მინდა გამოვეხმაურო თქვენს წერილს, სადაც “კონსერვატორებიდან” წამოსვლის ერთ-ერთ ვერსიად ჩემი დასახელებულია დაპირისპირება პარტიის ლიდერებთან, ბიძინა გუჯაბიძეს და ა. შ. არც ბიძინა გუჯაბიძესთან ვარ დაპირისპირებული და არც “კონსერვატიული” პარტიის სხვა ლიდერებთან, ხოლო თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ გეტყვით იგივეს, რაც უკვე გითხარით _ ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამ. ჩემი აზრით, მოსწონს თუ არა ვინმეს “სახალხო კრება”, ან ნინო ბურჯანაძე, 26 მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სასაკლაოს შემდეგ, ყველა ადამიანი და, მით უმეტეს, პოლიტიკოსი, ვალდებული იყო, რუსთაველზე მოსულიყო. ამის შემდეგ მე ვერ გავჩერდებოდი პარტიაში და გადაწყვეტილება “თავისუფალ საქართველოში” გადასვლის შესახებ არ მიმიღია კახა კუკავას პერსონის გამო. მე მასზე არანაკლები ახლო ურთიერთობა მქონდა ზვიად ძიძიგურთან, ბიძინა გუჯაბიძესა და სხვებთან, მაგრამ პრინციპულად ვადასტურებ, რომ პარტიიდან წამოსვლა პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო მოხდა.
_ რატომ არ აცნობეთ პარტიას, თუ მათ რიგებს ტოვებდით? თქვენ ხომ რიგითი აქტივისტი არ ხარ, გურიის ორგანიზაცია გებარათ წლების მანძილზე…
_ გასაგებია, თუმცა, ისინი თავადაც უნდა მიმხვდარიყვნენ _ 26 მაისის შემდეგ, ფაქტობრივად, პარტიის არც ერთი დავალება არ შემისრულებია…
_ რატომ? არ ჯობდა წინასწარვე გაგერკვიათ ყველაფერი? ბიძინა გუჯაბიძემ თავიდან ვერ დაიჯერა, თუ დატოვებდით!
_ დავალებების შეუსრულებლობა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობამ გამოიწვია, თუმცა, ფაქტობრივად, კონტაქტიც აღარ გვქონდა. პარტიაში ამას უნდა მიმხვდარიყვნენ.
_ რომ ვერ მიხვდნენ, ფაქტია და თქვენ ყოფილი პარტია დააყენეთ ფაქტის წინაშე.
_ მათ წარმატებას ვუსურვებ. თუ გვინდა ეს ხელისუფლება შევცვალოთ, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს. რა გგონიათ, იოლი იყო იმ პარტიის დატოვება, რომლის რაიონული რგოლის ჩამოყალიბებას ამდენი ხანი ვცდილობდი?
_ მაკა, პრეზენტაციაზე თითქმის ყველა ძველი აქტივისტი თქვენს გვერდით დავინახე. ისინიც გადმოვიდნენ?
_ დიახ, თუმცა, მე არავისთვის არაფერი დამიძალებია.
_ გამოდის, რომ პარტია დაშალეთ!
_ ალბათ, ცვლილებებს მოახდენენ.