"ჩვენ გვაქვს სურვილი, ჩვენს გადაცემაში გაშლილი მსჯელობა კვალიფიციური, საქმიანი იყოს და ბუნებრივია გვაქვს სურვილი, ამას რაც შეიძლება მეტი ადამიანი უსმენდეს, მათ შორის ხელისუფლებაც", _ ასე ეხმაურება გადაცემა 20/30-ის კვირის წამყვანი არჩილ გამზარდია პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც ის გადაცემა 20/30-ს უყურებს და განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი საუბრობს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის საინტერესოა ყოფილი პრემიერ-მინისტრის აზრები და ჯანსაღი კრიტიკა. მისივე თქმით, 20/30-ში "კარგად განმარტავენ მთავრობის საქმიანობას".
როგორც გამზარდიამ თემის კომენტირებისას "გურია ნიუსს" განუცხადა, ზოგადად ის ფაქტორი, როდესაც ხელისუფლება უსმენს არასამთავრობო სექტორს, ამა თუ იმ აზრის მიმდევარს, მედიას, ეკლესიას და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, ეს სწორი პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია.
"ჩვენ ვიცით სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა და დემოკრატიული მმართველობა ნიშნავს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მართვაში. გულისხმობს იმას, რომ საზოგადოება კარნახობდეს და მათთან ერთად მოქმედებდეს ხელისუფლება. ამ კუთხით ნებისმიერი გადაცემა შეიძლება იყოს საინტერესო ხელისუფალისთვის. ბუნებრივია ის თავად მიჯნავს ამ მხრივ რომელი უფრო მნიშვნელოვანია.
როცა მოთხოვნილება ჩნდება ისეთ გადაცემებზე, სადაც ღრმა ანალიზი, რეკომენდაციები და მესიჯებია, ეს სწორი მიდგომაა. ხელისუფლებამ უნდა უსმინოს თავის საზოგადოებას და ზეგავლენის უფლება მიანიჭოს რაც შეიძლება მეტ ადამიანს არა ისეთი კუთხით, როგორსაც შეჩვეული ვიყავით, საპროტესტო აქციებს ვგულისხმობ, არამედ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყოს ჩართული", _ აღნიშნა გამზარდიამ.