"თავისუფალი დემოკრატები" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ "ბიძინა ივანიშვილს გამბედაობა არ ეყოფა" იმისთვის, პროკურატურას მისთვის ბრალდების წაყენება დაავალოს:
_ მას უნდოდა ამის გაკეთება. იმიტომაც დაავალა ჯერ კიდევ აგვისტოში პროკურატურას, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე შეეთითხნათ. ამის მერე რაც კი დოკუმენტაცია იყო თავდაცვის სამინისტროში, ყველაფერი პროკურატურაშია წაღებული. ვერაფერი იპოვეს. ვერც იპოვიან, რაც არ არის, ამიტომ მე არ მგონია მას გამბედაობა ეყოს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას.
მე ერთხელ ერთ-ერთი ტელევიზიიდან უკვე მივმართე, რახან მან ეს საქმე დაიწყო, ღიად გამოვიდა, კითხვები დასვა ჩემთან მიმართებაში და კიდე ერთხელ მოვუწოდებ, მოვიდეს, დავსხდეთ.
კითხვებზე ვუპასუხებ, მეც მაქვს კითხვები, ღიად ვუპასუხოთ და დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ. თუ აქ ვერ მოვა, მე მზად ვარ, რომ იქით შევთავაზო და მისსავე გადაცემაში მივიდე, რომელსაც ამით, რა თქმა უნდა, გარკვეულ რეიტინგს ვაჩუქებთ, მაგრამ ალალი იყოს, მთავარია საზოგადოებამ დაინახოს რეალობა, რასთან გვაქვს საქმე, ვის აქვს არგუმენტები, ვის შეუძლია საკუთარი პოზიციის სწორად წარმოსახვა, ვინაიდან ეს ყველაფერი ძალიან ვნებს სახელმწიფოს, _ განაცხადა ალასანიამ "რეაქციის:" ეთერში.