"ეს პიროვნება არის საშიში მოვლენა!" _ ასე აფასებდა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 2003 წელს ოპოზიციის ერთ–ერთ გამოკვეთილ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს.
აღნიშნული განცხადება შევარდნაძემ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე გააკეთა _ ამ პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დაძაბული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა.
შევარდნაძის და, შესაბამისად, მმართველი პოლიტიკური პარტიის _ "მოქალაქეთა კავშირის" ძალები შესუსტებული იყო.
"ლეიბორისტულ პარტია" "ნაციონალური მოძრაობა" და "ახალი მემარჯვენეები", პარტიები, რომლებმაც 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს, აქტიურ კამპანიას ატარებდნენ, რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდებოდნენ და ბევრ წინააღმდეგობასაც აწყდებოდნენ.
ასე მოხდა ლანჩხუთში, სადაც მიხეილ სააკაშვილთან და მის თანაგუნდელებთან შეხვედრის შესაძლებლობა რაიონის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ მოსახლეობას არ მისცა. ყველაზე აქტიური, აღნიშნული ინციდენტის დროს გია გოგუაძე იყო, რომელიც დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია "ნაციონალური მოძრაობიდან", ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ლანჩხუთის გამგებლის პოსტს იკავებდა.
2003 წლის სექტემბერში გოგუაძე მიხეილ სააკაშვილს ხალხის მოტყუებაში და პოლიტიკური სპექტაკლის დადგმაში ადანაშაულებდა.
2003 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ბლოკი შექმნა ზურაბ ჟვანიამ. მასთან გაერთიანდნენ "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი" აკაკი ასათიანის მეთაურობით და იმ დროისთვის პოპულარული პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ბლოკი არჩევნებში მონაწილეობდა სახელწოდებით "ბურჯანაძე – დემოკრატები".
წინასაარჩევნოდ გურიაში ჩამოსული ბურჯანაძისა და ჟვანიას გუნდი ბევრ დაპირებას იძლეოდა.
_ თუ მთავრობა გონს არ მოვიდა, ხალხი კეტს აიღებს ხელში და დაუშენს თავში _ ეს განცხადება ბურჯანაძემ ლანჩხუთელ ამომრჩეველთან შეხვედრისას 2003 წლის 30 აგვისტოს გააკეთა.
ოზურგეთში მყოფმა მრეწველთა ლიდერმა გოგი თოფაძემ კი პირობა დადო, რომ პარლამენტში უფრო ძლიერი გუნდით მოვიდოდა და ამომრჩეველი დაამშვიდა:
_ ალბათ, დაგღალეს ამ უნამუსო პოლიტიკოსებმა, მოდით გადავარჩინოთ მრეწველობა და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, _ ამ სლოგანით ცდილობა თოფაძე ამომრჩევლების გულის მოგებას.
არჩევნების პარალელურად 2003 წლის 2 ნოემბერს რეფერენდუმიც ჩატარდა.
შეკითხვას _ "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით", დადებითად ამომრჩეველთა 83.5%–მა უპასუხა.
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს განსაკურებული ყურადღებით აკვირდებოდა დასავლეთი.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბებებს,
გამონაკლისი არც გურია ყოფილა _ დამკვირვებლებმა უამრავი დარღვევას აღმოაჩინეს. ამ ფონზე, ოზურგეთში არჩევნები ივანე ჩხარტიშვილმა მოიგო, ჩოხატაურში _ ვასილ ჩიგოგიძემ, ლანჩხუთში კი მეორე ტური დაინიშნა. კანონის თანახმად, ლანჩხუთელებს არჩევნებიდან ორ კვირაში ბიძინა გუჯაბიძესა და ჯონი ფირცხალაიშვილს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინათ, თუმცა, მეორე ტური არ შედგა.
2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგმა მოსახლეობაში მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. 4 ნოემბერს ხალხი ქუჩაში გამოვიდა და აქციები დაიწყო, რომელიც 22 ნოემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს აქციაზე შეკრებილმა ხალხმა არ დაუშვა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარება და მისი უფლებამოსილების ცნობა.
23 ნოემბერს გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. იმავე დღეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები, თუმცა, ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგები. მომავალ არჩევნებამდე მუშაობა განაგრძო 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა.
2003 წლის 2 ნოემბრისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 178 593 იყო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 909 215 ადამიანმა.
ცესკო-ს თავმჯდომარე ნანა დევდარიანი გახლდათ.