საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიორგი ოჩიაურის ადგილმონაცვლის, ლევან თარხნიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტში კომისიის თავმჯდომარის განკარგულების დამოწმებული ასლი და თანდართული დოკუმენტაცია შეიტანა.
"ცნობილ იქნას საქართველოს პარლამენტში, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიორგი ოჩიაურის (პარტიულ სიაში N14) ადგილმონაცვლედ, ამავე პარტიის პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი ლევან თარხნიშვილი (პარტიულ სიაში N37)", _ აღნიშნულია განკარგულების პირველ მუხლში.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებას თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც აუცილებელია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის. მისივე თქმით, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რეგლამენტით დადგენილ ვადაში _ 1 თვეში უნდა მოხდეს ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა.
წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია უფლებამოსილების ცნობა.
გიორგი კახიანის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.